საქართველოში წარმოებული ყურძნის წიპწის ზეთი ევროპის ქვეყნებში იყიდება.
საექსპორტო პროდუქციას „ეკო ჯორჯიან გრუპი“ აწარმოებს, რომელიც კახეთში 2018 წლიდან, ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო წარმოებას ფლობს. ყურძნის წიპწის ზეთი ცივად გამოხდის მეთოდით მზადდება.
კომპანია გამოწურული ყურძნის ნარჩენს ახლომდებარე ქარხნებიდან იბარებს, შესაბამისად, წარმოების ციკლი რთველზეა მიბმული. როგორც „ეკო ჯორჯიან გრუპში“ ამბობენ, საქართველოში ყურძნის წიპწის რეალიზაცია ჭირს, რადგან, პროდუქტის ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე დაბალია, თუმცა ამ დარგს ქვეყანაში განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყურძნის წიპწის ზეთი როგორც კვების მიმართულებით, ისე უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკაში გამოიყენება.
“ჩვენ ძირითადად ვმუშობთ რქაწითელსა და საფერავზე. ჩვენ მიერ დამზადებული წიპწის ზეთის ანალიზმა, რომელიც ევროპაში ჩავატარეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ანალიზების შემდეგ, ევროპელები, მათ შორის თავად ზეთის მწარმოებელი კომპანიები ყიდულობენ ჩვენგან ზეთს. მერე, ალბათ, თვითონვე აფასოებენ და ყიდიან ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა „ეკო ჯორჯიან გრუპის“ წარმოების ხელმძღვანელმა თამაზ აფხაზავამ „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ ქართული წიპწის ზეთი უცხოურ ანალოგებს კონკურენციას მაღალი ხარისხით უწევს.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ეკო ჯორჯიან გრუპი“ სეზონზე 1000-2000 ტონამდე გამოწურული ყურძნის ნარჩენს იბარებს. კომპანიას აქვს რესურსი, რომ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სეზონზე 50 ტონამდე წიპწის ზეთი აწარმოოს.
business-partner.ge