2017 წლის 11 ნოემბერს, დღის 12 საათზე, დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ცენტრალურ პარკში, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში“ გაიმართება. ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის სტუმრებს და საზოგადოების წევრებს, წელსაც ექნებათ შესაძლებლობა სახალხო ზეიმი მრავალფეროვანი, ყველა ასაკისთვის გათვლილი პროგრამით იხილონ.
ტრადიციულად ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მოეწყობა ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ტრადიციული კერძების გამოფენა. ასევე მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის საპატიო ქედელის წოდება მიენიჭება 3 მოქალაქეს.
დაქირავებული ანიმატორების და ჯამბაზის გასართობი შოუ მოზარდებისთვის, მოწვეული მხატვარი, ნობათის დეკორატიული კუთხე, თამბაქოს ჭრის პროცესი, ქედის ღვინის დეგუსტაცია, - ნახატების, ქედის ისტორიული მუზეუმის ექსპონანტების, შალვა აბაშიძის წიგნის, ფოლკლორული ანსამბლების ,,ელესას“ და ,,მოყვარეს“ დისკების გამოფენები, კონცერტი,
სპორტული აქტივობები და სხვა - პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საინტერესო აქტივობების მოკლე ჩამონათვალია.
ღონისძიების ორგანიზატორია ქედის კულტურის ცენტრი, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
სახალხო დღესასწაულს ,,შემოდგომა ქედაში“ 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის თვის დასაწყისში იმართება.
წელს საპატიო ქედელის წოდება მიენიჭება და ფასიანი საჩუქრები გადაეცემა:
1. მარო კვაჭაძე - ქედის საჯარო სკოლის უხუცესი პედაგოგი, დამსახურებული
მასწავლებელი;
2. მიხეილ მახარაძე - ლექტორი, ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი პირი;
3. გრიგოლ-ენრიკო ბერიძე - ზესოფლის წმ. სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესიის
მშენებლობის შემწირველი.
მონაწილეებს დაურიგდებათ მაისურები წარწერით ,,შემოდგომა ქედაში“.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 7 985 ლარია გამოყოფილი.
www.ipress.ge