ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3 წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში თევზის ფესტივალი ბრუნდება
21 მარტი, 2023

7 აპრილს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი ჩატარდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა, ღონისძიება აჭარაში 3 წელია არ ჩატარებულა, შესაბამისად, წელს ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ფაქტობრივად, ბოლო 3 წელი ვერ ჩავატარეთ თევზის ფესტივალი. თავიდან, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრანის ომმა, რადგან სადღესასწაულო გარემოება არ იყო არც მსოფლიოში და არც ჩვენთან. აქედან გამომდინარე, წელს ვგეგმავთ საკმაოდ პომპეზურ ღონისძიებას“, - აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

მან ფესტივალის დაარსების მთავარ იდეაზეც ისაუბრა. „გვინდოდა რომ თევზის კვებით ღირებულებაზე გაგვესვა ხაზი. ამიტომ, ჩვენს ფესტივალში არა მხოლოდ ფერმერები, არამედ რესტორნებიც მონაწილეობენ. წელსაც, გვეყოლება 20-მდე მონაწილე - ჩამოვლენ ფერმერები, ჩამოიტანენ მათ ნაწარმს და გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან რესტორნებიც, ჩატარდება თევზის მომზადების მასტერკლასები, იქნება გასართობი აქტივობებიც“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებს ის 3 წელი, რომელიც ჩავარდა და ფესტივალი არ ჩატარებულა, აძლევს იმის სტიმულს, რომ აღნიშნული აქტივობა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადონ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.