ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური პროექტი „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება (ფოტო)
16 აპრილი, 2019

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „სილქ როუ ჯგუფი“  350 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მულტიფუნქციური პროექტ „ბათუმი რივიერას“  მშენებლობას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გოგა კაპანაძემ განუცხადა. მისი ინფორმაცით, ამჟამად კომპანია ბათუმის მერიისგან მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდება.

„ველოდებით პასუხს, ან საქმისწარმოების ვადა უნდა გაზარდოს თავისი არგუმენტების მოყვანით, ან უკვე გადააგზავნოს ბათუმის საკრებულოში. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე მოზიდული გვაქვს. ყველაფერი გვაქვს კანონის შესაბამისად,რა დროსაც  მივიღებთ ნებართვას,  მშენებლობას მაშინვე დავიწყებთ. უკვე დასრულებულია პროექტის ესკიზი, “-აცხადებს კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია მერიაში გრგ-ს შეთანხმების ეტაპს გადის.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარ პარკს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე დარჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია.

„მაცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული, ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც მათ მცირე ზომის იახტები მოემსახურება და გარშემო მდებარე კაფეები და რესტორნები მიიზიდავთ. მიგვაჩნია, რომ ბათუმში, მაღალ და საშუალო შემოსავლიანი ტურისტული სეგმენტის გაზრდაზე და ოთხივე სეზონის განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. „ბათუმი რივიერა“ გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების მიზიდულობის ცენტრი გახდება. ქალაქის პირველი კონვენციის ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალფუნქციური სივრცე იქნება, წლის განმავლობაში დიდ აუდიტორიაზე გათვლილ სხვადასხვა კონფერენციებს, გამოფენებს და კონცერტებს უმასპინძლებს და შესაბამისად, აქტიური სეზონის ხანგრძლივობას გაზრდის, რაც დამატებით შემოსავალს გულისხმობს როგორც აჭარის ბიუჯეტისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გაზაფხულ-ზაფხულში „ბათუმი რივიერა“ იახტების მოყვარულებით დაიტვირთება და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებს მოიზიდავს, რომელთა რაოდენობა, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საქართველოში, ჯერჯერობით მცირეა.

იახტკლუბი 30 მეტრის სიგრძის იახტების მიღებას შეძლებს. აქ იქნება რესტორნები, გასართობი ცენტრი და ზღვის წყლით ავსებული ღია აუზი. რაც შეეხება ზამთარს, ამ პერიოდის აჭარაში გატარება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. „სილქ თაუერის” სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი მოეწყობა და „ბათუმი რივიერა“ მის მაცხოვრებლებს გოდერძისა და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით ფრენებს შესთავაზებს,“-აცხადებენ კომპანიაში. 

პროექტის თანახმად, ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, კეთილმოწყობილი პარკის, განსხვავებული კონცეფციის კაზინოს, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრეს ცენტრის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა.

იგეგმება კაფეების, რესტორნების და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების  მოწყობაც.

როგორც კაპანაძე განმარტავს, პროექტი რამდენიმეეტაპიანი იქნება და მისი სრულად დასრულება 5 წელიწადში იგეგმება. პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება.  მისი სრული ღირებულება  კი დაახლოებით 74  მილიონი აშშ დოლარიიქნება.

კითხვაზე, რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება პროექტში არსებულ სასტუმროების ოპერატორი და მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები, კაპანაძე აღნიშნავს, რომ  შესაძლოა ეს „რედისონიც“ იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვას გასცემს, სხვადასსხვა საერთაშორისო ოპერატორტან მოლაპარაკებები დაიწყება.

„ჩვენ გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში, მესამე რედისონი გავხსენით წინანდალში, ერთი -ბათუმში, ერთი- თბილისშია. გვაქვს სხვადასხვა კონტაქტები სხვა საერთაშორისო ოპერატორებთან. ასე რომ  ეს არ გვიჭირს, ამის გამოცდილება გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია. შეიძლება „რედისონიც“ იყოს და სხვა არანაკლები ბრენდიც. ჯერ მივიღოთ ნებართვა. გრგ-ს შეთახმების გარეშე ინვესტორებთან ლაპარაკი არასერიოზულია. ჩვენ თვითონაც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ რისი მშენებლობის საშუალება გვაქვს“-აცხადებს კაპანაძე.  

როგორც ცნობილია, „სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერის“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის “Chapman Taylor”.

 პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება Chapman Taylor-ს დაევალა. კომპანიას გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება და დაჯილდოებულია  250-ზე მეტი საერთაშორისო პრიზით, როგორიც არის MIPIM Awards, International Property Awards, The Global RLI Awards, ICSC European Shopping Center Awards და კიდევ სხვა მრავალი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.