ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამცხე-ჯავახეთისა და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
05 ოქტომბერი, 2017

სამცხე-ჯავახეთის და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი ხულო-ზარზმის 45-კილომეტრიანი თანამედროვე სტანდარტის გზის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.

აღნიშნული პროექტის შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა, რომელმაც აღნიშნა, გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს აჭარასთან დააკავშირებს, უმნიშვნელოვანესი იქნება ტურისტული თვალსაზრისით,  ახალ კურორტებს შორის ახალი კავშირები დამყარდება, რაც ორივე რეგიონში მოსახლეობის შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პროექტის საზედამხვედლო მიმართულებაში ქუვეითურმა კომპანია „პეისმა“ და ფრანგულმა კომპანია „ლუის ბერგერმა“ გაიმარჯვა. რაც შეეხება უშუალოდ იმ კომპანიას, რომელიც მშენებლობას განახორციელებს, ამის შესახებ დეტალები ახლო მომავალში გაირკვევა.

“სატენდერო პროცედურები დასრულებისკენ მიდის. უახლოეს მომავალში მშენებელ კომპანიას გამოვავლენთ. მომავალი წლის გაზაფხულზე დავიწყებთ და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, რისი შესაძლებლობაც იქნება, იმ სამუშაოებს შევასრულებთ. ჩვენი გათვლებით, 2020 წლამდე უნდა დასრულდეს. თუმცა გოდერძის უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობები დაახლოებით შვიდი თვე გრძელდება და ამ გარემოებასაც გავითვალისწინებთ“, - განაცხადა სეთურიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გზა ფუნქციონირებს, თუმცა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ამიტომაც მისი მთლიანი რეაბილიტაცია მოხდება.

„ეს გზა დღეს ფუნქციონირებს, მაგრამ გრუნტიანია და მოთხოვნად პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. ამ გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ახალი ნაგებობები  აშენდება. სამცხე-ჯავახეთი და აჭარა ერთმანეთთან უსაფრთხო, თანამედროვე გზით იქნება დაკავშირებული“, - აღნიშნა საავტომობილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ინვესტიციის სავარაუდო მოცულობას, გიორგი სეთურიძის თქმით, სამცხე-ჯავახეთისა და მთიანი აჭარის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელებისთვის 113 მილიონი ლარია გათვალისწინებული. „სავარაუდო მოცულობა 113 მილიონი ლარი იქნება. შემდგომ, ტენდერის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს თანხა დაიკლებს.“

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.