ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის პროექტი იწყება
24 ოქტომბერი, 2022

სამცხე-ჯავახეთში მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების აღდგენის პროექტი იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, პროექტი აგრობიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებისა და  დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

„ჩვენი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული განსაკუთრებული რეგიონი. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაში კი, გამორჩეული ადგილი აგრობიომრავალფეროვნებას უჭირავს. მისი შენარჩუნება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარი ამოცანაა და პროექტიც ამ მიზანს ემსახურება.  სამცხე-ჯავახეთის რეგიონი მდიდარია ვაზისა და ხორბლის იშვიათი, ადგილობრივი ჯიშებით. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ჯიშების აღდგენას და ფერმერებში გავრცელებას. პროექტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ფერმერებს საშუალება მიეცემათ წარმოებაში გამოიყენონ ეს ჯიშები, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ვაზის დივერსიფიცირებას და ხორბლის წარმოებას. ამასთანავე, გაიზრდება ფერმერების შემოსავლები და მეტი ადამიანი დასაქმდება სოფლებში“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექციაა შექმნილი, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს უნიკალური ბაზა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორის სოფიკო ახობაძის თქმით, პროექტი მინიმუმ 26 სახეობის მესხური ვაზის ჯიშის აღდგენას და სანერგე მეურნეობის მოწყობას გულისხმობს, რომელიც ამ ჯიშების გავრცელებას და მისგან ღვინის წარმოების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 შატო, რომელიც მესხური ვაზისა და ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებიდან წარმოებული გასტრონომიული პროდუქტების კონცეფციას დაეფუძნება. იდენტიფიცირებულია 5000 ფერმერი, საიდანაც 2400 ქალი ფერმერია. ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქართული და მესხური ვაზისგან წარმოებული ღვინის აღდგენას უკავშირდება.

პროექტი განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF)  და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საერთო კოორდინაციით - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ადმინისტრაციასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან და  სამინისტროს სისტემაში შემავალ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.