ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3-ჯერ მეტი - მილიონამდე „მწვანე ბარათის“ მსურველი და ქვეყნიდან გაქცევის რეკორდული სტატისტიკა
09 დეკემბერი, 2021

ბოლო 9 წელში საქართველოდან „მწვანე ბარათის“ მიღების მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, თუ ხელისუფლების შეცვლის წელს აპლიკაცია 49 276 ადამიანმა შეავსო, 2020 პანდემიურ წელს ეს რიცხვი 141 693-მდე, ხოლო 2021 წელს 112 464-მდე გაიზარდა.

საქართველოში მწვანე ბარათის მოგებულებს 2001 წლიდან აღირცხავენ. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა თითქმის მილიონი აპლიკაცია შეავსეს. 2012-2021 წლებში მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. 20 წელიწადში მწვანე ბარათი სულ 16 ათასზე მეტ მოქალაქეს ერგო, აქედან ბოლო 9 წელიწადში მათი რაოდენობა 10 280 იყო.

მწვანე ბარათის მსურველთა გარდა, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელთა რიცხვიც იზრდება, ამ მხრივ გამორჩეული 2018 წელი იყო. 2017 წელს ევროკავშიის ქვეყნებში უვიზო მიმსოვლის ამოქმედების შემდეგ, უკვე 2018 წელს გაიზარდა არალეგალების რაოდენობაც და მათიც, ვინც ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში, გერმანიასა და საბერძნეთში თავშესაფარს ითხოვდნენ. სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს ევროკავშირში ქართველი არალეგალების რაოდენობა 5 ათასამდე იყო, 2018 წელს კი 9 ათასს გადასცდა.

ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთა ნახევარზე მეტი (60%) იმყოფება საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში. შრომითი საქმიანობის საფუძველზე მიღებული ბინადრობის ნებართვის მფლობელთა უმეტესობა იტალიაში ცხოვრობს, ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით - საბერძნეთსა და გერმანიაში.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ადამიანი მიდის. შედარებით ნაკლები იყო 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში მათი რაოდენობა 75 ათასამდე შემცირდა.

მიგრაციის საკითხებში ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ არალეგალად წასულების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ზუსტი რიცხვი, მართალია, არ არსებობს, მაგრამ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოდან უკვე მილიონ-ნახევარი ადამიანია გასული, რაც 3,7 მილიონიანი მოსახლეობის პირობებში ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დოკუმენტში - „საქართველოს მიგრაციის 2019 წლის პროფილი“ - ვკითხულობთ, რომ თავიდან საქართველოს, ძირითადად, არასტაბილური ვითარების გამო ტოვებდნენ, მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტების. მოგვიანებით წინ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები წამოვიდა. უკვე ახლა ემიგრაციის ტალღაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საზღვარგარეთ ჩამოყალიბებული ქართული დიასპორები. ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელების 20-30% მიზეზად სწორედ ოჯახის გაერთიანებას ასახელებს. რაც შეეხება აშშ-ს, 2015-2017 წლებში ბინადრობის ნებართვების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებზე აშშ-ის მოქალაქესთან უშუალო ნათესაური კავშირის და ე.წ. მწვანე ბარათის მოგების საფუძველზე გაიცა.

2023 წლისთვის ბარათების მისაღებად რეგისტრაცია მიმიდნარე წლის 9 ნოემბერს დასრულდა, გათამაშებაში გამარჯვებულები კი 2022 წლის მაისში გამოვლინდებიან. დასრულდა, გათამაშებაში გამარჯვებულები კი 2022 წლის მაისში გამოვლინდებიან.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.