„სამე ჯგუფი“ არის კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტიპის სასტუმროს, აპარტამენტს, სასტუმრო სახლს და მართავს მათ.
„სამე ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ კომპანიის ბიზნეს მოდელზე „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ამ სერვისის მიმართ მოთხოვნილება მაღალია.
„სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად ტურისტების მატება მაღალია და პარალელურად, მიმდინარეობს ობიექტების დამატება; დღეისათვის, როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მასშტაბით, 4 000-ზე მეტი სასტუმრო ობიექტია, ხოლო საწოლი ადგილის რაოდენობა დაახლოებით, 70 000-ია. ჩვენ საკუთარმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი უკმაყოფილო ტურისტია. მათ არ ხვდებათ ის, რაც რეალურად აქვთ შეკვეთილი, სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი „სამე“, რომელიც არის ძველი ქართული სიტყვა, რაც „ნამდვილს“ და „მართალს“ გულისხმობს. ჩვენ რეალურად შევთავაზებთ ტურისტებს იმას, რასაც თავად აირჩევენ. გვინდა შემოვიღოთ რაღაც სტანდარტი, რითაც ტურისტებს ნდობა ექნებათ ჩვენს კომპანიაში გაწევრიანებული სასტუმროების მიმართ“, – აცხადებს გიორგი ისაკაძე.
მისივე თქმით, ვიდრე „სამე ჯგუფი“ ობიექტს მართვაში აიღებს, პირველ რიგში, სასტუმროს ან სასტუმრო სახლის მფლობელს კონსულტაციას უწევს, უხსნის რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო იმისთვის, რომ ობიექტმა გარკვეული სტანდარტები დააკმაყოფილოს.
„ჩვენ არ ვქირაობთ სასტუმროს, ჩვენ უბრალოდ ვმართავთ მას. კონკრეტული ობიექტის შესწავლის შემდეგ, მფლობელს ვაცნობთ პრობლემებს, ვატრენინგებთ მომუშავე სტაფს ან ჩვენივე სტაფით შევდივართ და ვიწყებთ მუშაობას. სასტუმროს ნომრებზე შეზღუდვა არ გვაქვს, უბრალოდ, ჩვენ ვუხსნით მფლობელს, როგორ სჯობს ობიექტის მართვა.
მაგალითად, 10-ნომრიან სასტუმროს ვთავაზობთ ფიქსირებული ხარჯის შემცირებას, როგორიც არის ადმინისტრატორის გადასახადი. ასევე, თვითმომსახურეს ვხდით სასტუმროს, რითაც ლოგიკურად ხარჯს ვუმცირებთ მფლობელს. უფრო კონკრეტულად, თვითმომსახურებადი სასტუმრო გულისხმობს იმას, რომ იქ მისულ სტუმარს არავინ ხვდება სასტუმროში, გარდა სპეციალური აპარატებისა. ჯავშნის შედეგად სტუმარი იღებს სპეციალურ უნიკალურ კოდს, რომელიც შეჰყავს გარკვეულ აპარატში, რის შედეგადაც ავტომატურად იღებს ნომრის გასაღებს“, – აღნიშნა მან და თვითმომსახურებადი სასტუმროს ე.წ. self check in-ის მაგალითად სასტუმრო „ბარათაშვილი 12“ მოიყვანა.
„სამე ჯგუფის“ დამფუძნებელის თქმით, ამჟამად ჯგუფი, თბილისის მასშტაბით, 6 სასტუმროს მართავს.
„კომპანიის მთავარი ამოცანაა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვითანამშრომლოთ და მოვიცვათ ტურისტულად „გამართლებულ“ ქალაქებში არსებული სასტუმროები. ამ ამოცანის მიღწევის შემდეგ, უკვე კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ ითანამშრომლოს მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ ქალაქებთან“, – აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.