საქართველოში ბალნეო და გამაჯანსაღებელი პროცედურების მიღებით ახალი ქვეყნებიდან ინტერესდებიან.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ბორჯომი-ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორმა ქეთევან ნადარეიშვილმა განუცხადა, სამედიცინო ტურიზმს აქვს პოტენციალი, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს.
„ქვეყანას გააჩნია ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც საჭიროა სამედიცინო ტურიზმისთვის. მაგალითად, მაგალითად, 2000-მდე მინერალური წყალი. საქართველოში ყველა იმ დაავადების მკურნალობა, ან პრევენციაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის - კუჭ-ნაწლავის, სახსრების, ჭარბი წონის, კანის პრობლემები. სწორედ ამ მიზნით ჩამოდიან უცხოელი ვიზიტორები ჩვენთან სამკურნალოდ“, -აღნიშნა „ბორჯომი-ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორმა.
როგორც ნადარეიშვილი აღნიშნავს, სამედიცინო ტურიზმს, მისი სათანადოდ განვითარების შემთხვევაში, ქვეყნისთვის დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.
„ეს მიმართულება მთელი წლის განმავლობაში აქტიურია და საერთოდ არ არის დამოკიდებული ამინდზე. ასევე, კარგი რაც არის სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ეს არის ხანგრძლივი ჯავშნები, არავინ არ ჩამოდის სამკურნალოდ 2 და 3 დღით. ჩამოდიან მინიმუმ 7 ღამით და მეტით. ყველა სასტუმროსთვის მომგებიანია სწორედ ეს ხანგრძლივი პერიოდით ჩამოსული მომხმარებელი“, - აცხადებს ქეთევან ნადარეიშვილი.
რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის ტენდენციებს, მისი ინფორმაციით, საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად, მიმდინარე წლის ზაფხულში, უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.
„განსაკუთრებით აქტიური იყო ყაზახური მხარე. ასევე ტაჯიკეთი. წელს გააქტიურდა ახალი ბაზრებიც - მაგალითად, უზბეკეთი. თუმცა, ჯამურად, წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რიცხვში მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა და ფაქტობრივად, წინა წლის მაჩვენებლები შენარჩუნდა, თუმცა გადანაწილება მოხდა თვითონ ქვეყნებს შორის“, - აცხადებს ქეთევან ნადარეიშვილი.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გამო, შემცირდა ნაკადები ევროპიდან, აზიიდან კი გაიზარდა.
შეგახსენებთ, მსოფლიოში სამედიცინო ტურიზმის ცნობადობა და ამ კუთხით მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა. რაც შეეხება საქართველოს რესურსს, ქვეყანას, დაახლოებით, 280 საკურორტო ადგილი აქვს და აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია.
business-partner.ge