სამეგრელო-ზემო სვანეთში სასტუმროების მშენებლობის მიმართ ინვესტორების ინტერესი მაღალია, - ამის შესახებ საქმის კურსს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ განუცხადა.
მისი თქმით, რეგიონში სასტუმროების მშენებლობით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ბიზნესმენები.
ლევან შონიას ინფორმაციით, მესტიაში იგეგმება 25-ნომრიანი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა ქართველი ინვესტორების მხრიდან. ზუგდიდში კი სასტუმროს მოწყობა ჩეხ და უნგრელ ბიზნესმენებს სურთ.
გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონში შემოსვლამდე ინვესტორები დეტალურად სწავლობენ ტურისტების ნაკადს, ინფრასტრუქტურას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ფესტივალის "ჯემფესტის" ბედი ამ დრომდე გაურკვეველია, გუბერნატორი ამბობს, რომ ანაკლიაში სამი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი ფონდ "ქართუს" პროექტია, რომელიც განმუხურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე ანაკლიაში უკვე აშენდა 3 პატარა, ვილის ტიპის კოტეჯი. ლევან შონიას ინფორმაციით, ამავე ინვესტორებს ადგილზე აპარტამენტის ტიპის კომპლექსის მშენებლობა სურთ. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სასტუმრო "აფხაზეთის" პროტოტიპი. გუბერნატორი ვერ ასახელებს კონკრეტულ რიცხვს, რამდენი ოთახი შეემატება შედეგად სამეგრელოს, თუმცა, ამბობს, რომ ეს რაოდენობა ანაკლიის სანაპიროსთვის სავსებით საკმარისი იქნება.
"მარტო "ჯემფესტიდან" გამომდინარე არ შენდებოდა ეს სასტუმროები. ჯერ ერთი, არავინ იცის ჩატარდება თუ არა ფესტივალი ისევ. მინდა გითხრათ, რომ USAID-თან ერთად პროექტს ვამზადებთ, რომ "ანაკლიობის" მასშტაბი გავზარდოთ, იმისთვის, რომ ტურისტები მოვიზიდოთ რეგიონში",- აცხადებს შონია.
ყველაფერთან ერთად მუშავდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტული განვითარების სტრატეგია. გუბერნატორი ამბობს, რომ პროექტში USAID და ჩეხური კომპანიაა ჩართული და უახლოეს მომავალში სტრატეგია მზად იქნება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი