ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამეგრელოს 7 ახალი მილიონერი ჰყავს
02 აგვისტო, 2017

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული ქონების სანაცვლოდ გადახდილმა კომპენსაციამ 49 604 542 ლარი შეადგინა. 

"საქმის კურსის“ მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვრიდან 28 ივლისის მდგომარებით, ჯამში გაფორმებულია 367 ხელშეკრულება. 

„გამოსყიდულია დაახლოებით 63.5 ჰა მიწის ნაკეთი, 42 სახლი და 2 ნანგრევი. სააგენტოს მიერ მოქალაქეებისთვის (270 ფიზიკური პირი/ოჯახი) გადახდილი თანხა შეადგენს 49 604 542.12 ლარს", - ნათქვამია ოფიციალურ წერილში. 

გარდა ამისა, "საქმის კურსი“ დაინტერესდა, „სახელმწიფოს მხრიდან უკვე გამოსყიდული ქონების მიხედვით, რამდენი ადგილობრივის ქონების ღირებულებება (მიწა და სახლი) შეადგენდა 1მლნ ლარს და მეტს", რაზეც სააგენტოსგან შემდეგი პასუხი მიიღო: 

„დღეის მდგომარეობით, სააგენტო ფლობს ინფორმაციას 7 შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ მესაკუთრეზე/თანამესაკუთრეზე კომპენსირებულმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 1 მლნ ლარი ან მეტი“, - აღნიშნულია წერილში. 

ცნობისთვის: დღეის მდგომარეობით, 367 ოჯახიდან შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი მხოლოდ 9 ოჯახმა განაცხადა. ქონების სააგენტო აგრძელებს დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, რომელიც უნდა განხორციელდეს უშუალოდ პროექტის არეალში არსებული უძრავი ქონებებისთვის 1 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მიმდებარე ქონებებისთვის - 15 სექტემბრის ჩათვლით. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 96 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მიაღწევს წელიწადში 100 მლნ ტონის გამტარუნარიანობას. მშენებლობის პირველ ფაზაზე დაახლოებით, 568 მილიონის, ხოლო საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.

ფოტო

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.