წალენჯიხის რაიონში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული, ბალნეოლოგიური სამკურნალო ცენტრი „სქურის“ ბალნეო-კურორტად განახლება იგეგმება. სქურის ტერიტორის 6 ჰექტარზე, ბიზნესმენ ემზარ მორგოშიას ახალი კომპლექსის პროექტი უკვე დამტკიცებული აქვს – აღებულია მშენებლობის ნებართვაც. პროექტის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 5 მილიონი დოლარია, ინვესტორების მოძიებისთანავე დაიწყება.
პროექტის მიხედვით, კომპლექსში 100-ნომრიანი სასტუმრო , დიაგნოსტიკური ცენტრი, წყლითა და ტალახით მკურნალობისთვის გამოყოფილი სივრცე, სპა, რესტორანი და ბარი იქნება. ამავე ტერიტორიაზე სპორტდარბაზი, ღია და დახურული აუზი, მასაჟის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი განთავსდება.
იქნება დასვენებისა და გასართობი ცენტრები. საკონფერენციო დარბაზი, საბილიარდო და კინოთეატი.
მიმდებარე შენობაში შესაძლებელი იქნება სქურის მინერალური წყლის ჩამოსხმა. პროექტის ავტორის, ემზარ მორგოშიას თქმით, სქურის კურორტს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. იმიტომ რომ მსოფლიოს მასშტაბით დიდია სამკურნალო ტურიზმით დაინტერესება , განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
„ სამკურნალო ტურიზმი ჩვენი მომავალია. ეს ბალნეოლოგიური კურორტი უნდა აღდგეს, სქურის ბუნება და ჰაერი იდეალურია. კომპლექსი მოიცავს 4-სართულიანი შენობას, ქვედა სართულზე სპა სივრცე მოწყობა, 120 წერტილი იქნება ბალნეო-სააბაზანოსთვის განკუთვნილი, გვინდა, რომ ეს სივრცე ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. საქართველოში არ მოიპოვება სქურის მსგავსი წყალი,. ჩვენ გვქონდა ქარხანა, სადაც სქურის წყლის ჩამოსხმა და დაფასოება ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით ქარხანა დაიხურა, ახლა მის აღდგენასაც ვფიქრობ. ამჟამად პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესში ვარ და დაინტერესებაც დიდია. ვფიქრობ, საქართველოს ტურისტული განვითარებისთვის ამ ადგილის ათვისება აუცილებელია, — აცხადებს კომერსანტთან საუბარში ბიზნესმენი.
სქურის ბალნეოლოგიური სამკურნალო ცენტრი მეცხრამეტე საუკუნეში გაიხსნა და გასული საუკუნის 50-იან წლებამდე აქტიურად ფუნქციონირებდა. ძირითად დაინტერესებას სტუმრების მხრიდან „სქურის წყლის“ სამურნალო თვისებები იწვევდა. ამ კურორტზე ტურისტები ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოდიან. 2018 წლის სახელმწიფო გეგმაში იყო ჩადებული სქურის გზის შეკეთება და მომარაგების ქსელების მოწესრიგებაც.
Commersant.ge