სამეგრელოს სიმდიდრე - ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ონიორეს ჩანჩქერის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
ჩანჩქერის და მის მიმდებარე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად საჭიროა - 6 კილომეტრამდე ახალი სამანქანო გზის გაყვანა, 2,5 კილმეტრზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის აშენება და მთაში მოსასვენებელი კარვების ჩადგმა.
ონიორეს ჩანჩქერი მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს. ონიორეს ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, ცალკეულ ადგილას კი გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია სწავლობს, იმ ტურისტულ პოტენციალს, რისი დამატებით ათვისება რეგიონს მეტ ტურისტს მოუზიდავს. ერთ-ერთი მათგანი ონიორეს ჩანჩქერია, იქ არსებული უნიკალური ბუნება ძალიან ბევრი ტურისტის მოზიდვის შესაძლებობას გვაძლევს. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვგეგმავთ ამ კონკრეტულ მარშუტზე ტრისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად კი ონიორეში ბუნების ძეგლის შესასწავლად და ტურისტული მარშუტის დასაგეგმად ვიმყოფებოდით" - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, მუნიციპალიტეტები ახალი ტურიტული მარშუტების შესწავლასა და დაგეგმარებაზე მუშაობენ.
www.travelingeorgia.ge