ეკონომიკის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, დღეს მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგამებში შევიდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს ცვლილებები შეეხება საინვესტიციო პროგრამებს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით ეს გაამარტივებს ბიუროკრატიულ პროცესებს.
„პროგრამის ფარგლებში მოქმედებს კომპონენტი, როდესაც ჩვენ 1 ლარად ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ გადავცემთ. ამ მხრივ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოყოფილი. ჩვენ გავაფართოვეთ იმ დარგების ჩამონათვალი, რომეშიც ინვესტორმა შეიძლება მოიწადინოს საწარმოს ამოქმედება. ამისთვის მან უნდა მიმართოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩიოს მიწა და გარკვეული პროპორციით ინვესტიციის და საქმების ვალდებულების სანაცვლოდ მას ეს მიწა სიმბოლორ ფასში გადაეცემა. ეს დარგებია: სოფლის მეურნეობის სატყეო და თევზჭერის მეურნეობა; დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად; ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, მანქანა-დანადგარების და ჩარხების წარმოება; ტრანსპორტი და დასაწყობება; პროფესიული, სამეცინიერო და ტექნიკური საქმიანობები; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობები.
ასევე, როდესაც ბიზნესები მოგვმართავენ, ვრთავთ პროგრამაში და ვუსუბსიდირებთ სესხის დიდ ნაწილს, ამის სანაცვლოდ ვუწესებთ გარკვეულ ვალდებულებას. ასეთი ვალდებულებებია ინვესტიციის შესრულება, დასაქმების ვალდებულება, პროფილის შენარჩუნება და დღემდე იყო ვალდებულება კონკრეტულ თარიღებში კონკრეტული რაოდენიბის პროდუქციის გამოშვების.
მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოს ეკონომიკაში ისეთი დინამიური ვითარებაა, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად იქცა. ჩვენი ბენეფიციარი საწარმოები წარმოებული პროდუქციის გადახედვის მოთხოვნით ხშირად მოგვმართავდნენ. მთავრობამ გაიაზრა, რომ თუ ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია ის მოწადინებული იქნება, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გამოუშვას, რომლის გამოშვებაც ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ხშირად ცვალებადია, განსაკუთრებით ასეთ რთულ ვითარებაში. ჩვენ ვამარტივებთ ამ მიდგომას და ეს ვალდებულება იქნება მოხსნილი“, - განმარტა თურნავამ.
კიდევ ერთი ცვლილება „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ტურიზმის ინდუსტრიისთვის განხორციელდა, კერძოდ კი ნათია თურნავას განცხადებით:
„აწარმოე საქართველოში“ შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორები იყვნენ სასტუმროები, რომელიც განლაგებულნი არიან ზამთრის კურორტებზე. ამ ცვლილებას ვაკეთებთ ტურისტული სერვისების ინდუსტრიისთვის სრულად. თუ მათ დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მას შემდეგ ერიცხებოდათ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ... ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც საბრუნავი საშუალებები შეზღუდულია და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი, ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და ჩვენი სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ მიუხედავად იმისა, რამდენად დროულად გადაიხადეს მათ თავისი თანამონაწილეობა“, - განმარტა ნათია თურნავამ.
www.bm.ge