ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"სამი სეზონია გაჩერებული ვართ... არავინ გვესაუბრება" - გიდი მესტიიდან
17 თებერვალი, 2021

გუდაურში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები მთის კურორტების დაკეტვას აპროტესტებენ და რეგულაციების დაცვით გახსნას ითხოვენ. აქციას საქართველოს დანარჩენი მთის კურორტებიდანაც შეურთდნენ. მესტიაში მომუშავე გიდის და ინსტრუქტორის ალექსანდრე დადვანის განცხადებით, უკვე მესამე სეზონია, ყველაფერი გაჩერებულია და მომავლის იმედიც არ არსებობს.

„მესტიაში ტურისტული სეზონი ზუსტად ერთი წლის წინ, ზამთარში გაჩერდა და მას შემდეგ ასე ვართ, გამოვტოვეთ ზამთრის, ზაფხულის და კიდევე ერთი ზამთრის სეზონები. ყველაფერი დაკეტილია, ყველა ბიზნესი არის დახურული, არ გვაქვს სტუმრების მიღების უფლება“, - ამბობს გიდი.

მისივე თქმით, გუდაურის პარალელურად აქციები იმართება მესტიაშიც, თუმცა აზრი არაფერს აქვს, რადგან ხელისუფლების მხრიდან მათ არავინ ესაუბრება და სიტუაციიდან გამოსავალზე არ ფიქრობენ.

„კონკრეტული გეგმა და გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს, ასე უბრალოდ კოვიდ-რეგულაციებს ამოფარებული, გაჩერებული ბიზნესი ვართ. არ არსებობს გეგმა, რომელსაც შეიძლება მივყვეთ, არ არსებობს იმედი. უბრალოდ, ვართ გაჩერებულ-გაყინულები. არავითარი დახმარებები არ გვაქვს. არის მხოლოდ 200 ლარიანი დახმარება, რასაც ყველა იღებს, ხოლო რაიმე კურორტების მიმართ სუბსიდირება ან რამე მსგავსი, ბიზნესის მიმართულებით არ არსებობს“, - ამბობს გიდი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.