ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
3 000 წარმომადგენელია რეგისტრირებული - ტურიზმის სექტორის ვაქცინაცია გრძელდება
24 მაისი, 2021

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაცია გრძელდება. როგორც bm.ge-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ბოლო მონაცემებით ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 ათასამდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.

"გრძელდება ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების, როგორც პრიორიტეტული ჯგუფის ვაქცინაციის პროცესი, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სწრაფ აღდგენას. სასიხარულოა, კერძო სექტორის მაღალი აქტივობა", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ყორიაულმა.

„რესპუბლიკური საავადმყოფო, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქვეშ აგრძელებს ესენციური ჯგუფების ვაქცინაციას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფია ტურიზმის სექტორი. აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანია რეგისტრირებული. ვფიქრობთ, მოკლე ხანში დავაკმაყოფილებთ ამ სექტორის მოთხოვნას ვაქცინაციისათვის", - აცხადებს  რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ხარისხის კონტროლის დარგში ჯავარა უგრეხელიძე.

ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. "ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ჩვენ არავის უნდა ჩამოვრჩეთ მე დღეს ავიცერი და ამით ვეხმარები ჩემს ქვეყანას. ტურისტული სეზონი იწყება და თუ გვინდა, რომ რეგულაციები მოიხსნას, ან კომენდანტის საათი გაუქმდეს, თითოეული ჩვენთაგანი უნდა იყო აცრილი", - განაცხადა "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.

ინფორმაციისთვის: ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი:

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.