ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმში სტაჟირებაზე 105 ვაკანსია გამოაცხადა
08 ივნისი, 2022

კულტურის სამინისტროსა და დაქვემდებარებულ 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისთვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ვაკანტურ პოზიციათა ჯამური რაოდენობა 252-ია, საიდანაც 105 საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია.

„ჩვენს მუზეუმებში იშვიათი და ხელზე ჩამოსათვლელი იყო ის შემთხვევები, როდესაც ახალი კადრები მოდიოდნენ კონკურსით, ძირითადად, ჩვენს მუზეუმებში ახალი კადრები მოდიოდნენ ახლობლობით, ნათესაობით და მეზობლობით. მე დიდი სურვილი მაქვს, ეს დავასრულოთ, ვინაიდან ჩვენ ვკარგავთ ძალიან დიდ პროფესიულ რესურს“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის  თქმით  ვაკანსიებს  გამოცხადება  მიზნად ისახავს სისტემის განახლებას. მისი თქმით, წინა თაობის წარმომადგენლებმა ახალ თაობას უნდა გაუზიარონ გამოცდილება.

„ეს პროცესი მრავალი წელია, შეწყვეტილია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ახალგაზრდები უნდა შემოვუშვათ სხვადასხვა თანამდებობაზე ჩვენი სამინისტროს აპარატში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის  სამინისტრო მიერ  გავრცელებულ   გაცხადებაში  ნათქვამია, რომ ანაზღაურებად (400-დან 650 ლარამდე), ისევე როგორც ანაზღაურების გარეშე პოზიციებზე, კანდიდატები შემდეგი საკონკურსო ეტაპების გავლის შედეგად შეირჩევიან: განაცხადების გადარჩევა, ტესტირება ან/და წერითი დავალება, გასაუბრება. კონკურსანტები შედეგების შესახებ ინფორმაციას თითოეული საკონკურსო საფეხურის დასრულების შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

“აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოზიციაზე ერთდროულად არის გამოცხადებული კონკურსი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟირებაზე მისაღებად, ანაზღაურებად სტაჟირებაზე წარდგენილები იქნებიან საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები, ხოლო მომდევნო საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი/კანდიდატები წარდგენილები იქნებიან არაანაზღაურებად სტაჟირებაზე.

ამასთან, სტაჟირების დაწყებიდან არანაკლებ ერთი თვის გასვლის შემდეგ, არაანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე მყოფი პირის შეფასების (დამაკმაყოფილებელი, კარგი, ძალიან კარგი) და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, სტაჟიორის თანხმობით მისი გადაყვანა შეიძლება ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე. ასეთ შემთხვევაში, სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით, კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში“ . -  ნათქვამია  განცხადებაში.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.