კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქებასთან და საზღვრების გახსნასთან ერთად, ტურისტების მხრიდან სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freaks–ის დამფუძნებელმა ნიკა გომიაშვილმა უთხრა.
მისივე თქმით, კომპანიამ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა საკმაოდ აქტიურად განაახლა და ჯერჯერობით დაინტერესება, ძირითადად, პოლონელი ტურისტების მხრიდან არის.
“ჩვენი კომპანია მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე მუშაობს. საზღვრების გახსნის შემდეგ მუშაობა განვაახლეთ, ტურისტები ძირითადად პოლონეთიდან მოდიან, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც არის დაინტერესება. რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებს და ე.წ. კომენდანტის საათს, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი ტურები ისე დავგეგმოთ, რომ ტურისტებმა ეს დისკომფორტი ვერ იგრძნონ და ჩვენ მომსახურებაზე არ აისახოს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ არსებული შეზღუდვები აღარ იყოს, მაგრამ ჩვენ მომსახურებას შეზღუდვებს ვარგებთ. პირველი ჯგუფები უკვე სხვადასხვა მიმართულებით გვყავდა ქუთაისში, ყაზბეგსა და კეხეთში. რაც შეეხება ჩვენ ძირითად მიმართულებას, ალპინიზმს, ამ მომსახურეობას ივლისიდან განვაახლებთ. სხვათაშორის, ჯავშანები უკვე მიღებული გვაქვს და ამ მიმართულებითაც ველოდებით ტურისტებს, მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან აქტიური წელი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 მთელი მსფოლიოსთვის რთული წელი იყო, წელს მომხარებელს შედარებით შეღავათიან ფასებს ვთავაზობთ“, - აღნიშნა ნიკა გომიაშვილმა.
Mountain Freaks-მა მუშაობა 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეაჩერა. როგორც გომიაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2020 წელი მთლიანად წინასწარ ჰქონდათ გაწერილი, თუმცა ყველა ჯავშანი გაუუქმდათ.
ტურისტულ-სათავგადასავლო კომპანია “Mountain freaks” 2015 წელს დაფუძნდა და ტურისტებს სათავგადასავლო და სამთო ექსპედიციებს სთავაზობს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მათი სავიზიტო ბარათ მყინვარწვერის მიმართულებაა, თუმცა mountain Frekas ტურისტები თეთნულდზეც და ბევრი სხვა მიმართულებითაც დაჰყავს.
commersant.ge