ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Meidan Group-მა სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო – რას სთავაზობს „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ ტურისტებს
06 მაისი, 2019

Meidan Group-მა  სასტუმროების ბიზნესის პარალელურად სამონადირეო ბიზნესის განვითარება დაიწყო. ჯგუფი გარდაბნის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, 3200 ჰექტარს ფლობს, სადაც 2018 წლიდან „ყარაიაზის სამონადირეო მეურნეობაა“ გაშენებული.

Meidan Group-ის  სამონადირეო მეურნეობა ვიზიტორებს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. ფერმაში წარმოდგენილია ცხოველები, რომელზე ნადირობაც ნებადართულია ნადირობის სეზონში და ასევე არის  წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე სახეობა, რომელთა მონადირებაც აკრძალულია. გარდაბნის ნაკრძალში ბინადრობს ღორი, კურდღელი, ტურა, მელია, მგელი, ასევე კავკასიური ირემი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ფრინველებიდან ამ ნაკრძალში ნადირობა შესაძლებელია ხოხობზე, ტყის ქათამზე, იხვზე და ქედანზე. აქვე წარმოდგენილია თევზის სახეობები.

როგორც „კომერსანტთან“მეურნეობის ხელმძღვანელი ზაზა ჩიტრეკაშვილი აღნიშნავს, ყველა მომსახურებას სხვადასხვა ღირებულება აქვს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, ქირაობს თუ არა დამსვენებელი აღჭურვილობას, სანადირო ძაღლს, რეინჯერის მომსახურებას და ა.შ..

ნადირობის ბოლო სეზონზე „ყარაიას სამონადირეო მეურნეობა“ უკვე მოემსახურა 70-ამდე ნადირობითა და თევზაობით დაინტერესებულ ტურისტს.

როგორც ზაზა ჩიტრეკაშვილი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობას საქართველოში მაღალ პოტენციალი აქვს, თუმცა არსებობს პრობლემები, რაც ამ რესურსების სრულფასოვნად გამოყენებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„ჯერჯერობით სამონადირეო მეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახალი ხილია და ბევრი რამეა შესაცვლელი. სამონადირეო ფერმებს დიდი პოტენციალი აქვთ ტურისტული თვალსაზრისით, უბრალოდ, გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. ერთი კვირის წინ ჩვენთან გაეროს წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენი პრობლემები შეისწავლეს. სამწუხაროდ, დიდია ბრაკონიერების შემოტევა, ისინი კუსტარული დენის აპარატით იპარებიან ჩვენს ტერიტორიაზე და ელექტროშოკით თევზაობენ, შედეგად ჩვენი რესურსი დიდ ზარალს განიცდის. მართალია, ბრაკონიერობასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობა, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს და ჯარიმა უნდა გაიზარდოს,“ – აცხადებს ზაზა ჩიტრეკაშვილი.

მეურნეობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში არსებობს „სანადრო მეურნეობის სააგენტო“, რომლებიც კონსულტაციებს ევროპაში გადიან. ჯგუფი აპირებს ბრაკონიერობის შესახებ კანონპროექტის შექმნას. ამ კანონით დარეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავების რეგისტრაციის პრობლემა – ნავებს მანქანების მსგავსად მიენიჭება ნომერი, რომელიც მისი მფლობელის გამოვლენას გააადვილებს.

ზაზა ჩიტრეკაშვილი „კომერსანტთან“  „ყარაიაზის სამონადირეო მეურნეობის“ სხვა მიმართულებებზეც საუბრობს.

„ტურისტებს ვთავაზობთ ეკოპროდუქტს, რომელიც გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა ყველს, ხორბალსაც ეკოლოგიურად სუფთად ვამზადებთ, ჩვენი ქათამი და მწყერი ყველა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებს და, შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი საკმაოდ დიდი მოწონებით სარგებლობს,“ – აცხადებს გარდაბნის სამონადირეო მეურნეობის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეურნეობაში დაგეგმილია ველოტურებისა და საცხენოსნო ტურებში მონაწილეობა. ასევე იგეგმება საპიკნიკე ადგილების მოწყობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნადირობა ნაკლებად იზიდავს, მომავალში შესაძლებელია ახალგაზრდების ჩართვა ტყის დალაგების პროცესში და ა.შ.

ყარაიაზის სანადირო ფერმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არსებობდა და სანადირო, თევზაობისა და სარეკრეაციო მიზნებისთვის რომანოვების ოჯახის ფავორიტი ადგილი იყო. 

conmersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.