სანქციების გამო საქართველო დაკარგავს 150 000 რუს ტურისტს, დანაკარგებს ითვლიან რუსული ავიაკომპანიებიც
რუსეთიდან საქართველოს მიმართულების ავიარეისების და ტურისტული პაკეტების გაყიდვის აკრძალვა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობას 150 000-ით შეამცირებს – იუწყება რუსული გამოცემა Коммерсант ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში იმყოფება 5-7 ათასი ორგანიზებული ტურისტი და 2-3-ჯერ მეტი დამოუკიდებელი ვიზიტორი.
„სანქციების გამო საავიაციო ტრანსპორტით ვერ იმგზავრებს დაახლოებით 150 000 ადამიანი, 25 000 ტურისტი უნდა დაბრუნდეს რუსეთში 8 ივლისამდე, ფრენების აკრძალვის ამოქმედებამდე,“ – განაცხადა წყარომ.
მისი თქმით, არსებობს ასევე უფრო რადიკალური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც საქართველოში სანქციების მიზეზით დაახლოებით 220 000 რუსეთის მოქალაქე ვერ ჩავა.
დანაკარგებს ითვლიან რუსული ავიაკომპანიებიც – კერძოდ, გაზეთის ინფორმაციით, უკვე შეძენილი ავიაბილეთების დაბრუნება 3 მლრდ. რუბლი დაჯდება. ავიაგადამზიდავები არ ასახელებენ კონკრეტულ ციფრებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ზარალი აუცილებლად იქნება.
„საქართველო არის ლიმიტირებული ბაზარი – იქ გასამგზავრებლად ავიაკომპანიას სჭირდება სპეციალური ნებართვა და ის ძალიან მომგებიანი და რენტაბელურია,“ – ციტირებს გაზეთი ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
წყარო დარწმუნებულია, რომ დანაკარგები საკმაოდ სერიოზული იქნება.
„გადაწყვეტილება ფრენების აკრძალვის თაობაზე მიღებულ იქნა ტურისტული სეზონის პიკამდე 2 კვირით ადრე და სამარშრუტო ქსელის გადაწყობაზე დრო არ გვყოფნის. არის რისკი, რომ მოგვიწევს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით ფრენა, რადგანაც მგზავრთა ერთი ნაწილი ჩააბარებს ბილეთებს ნეგატიური ფონის გამო, მეორე ნაწილი კი – არა,“ – ამბობენ რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლები.
RBC