ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"საქაერონავიგაციამ" 17 ახალი ავიამეთვალყურის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
21 მარტი, 2024

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ 17 ახალი ავიამეთვალყურის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი კადრების დამატების აუცილებლობა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდამ და საჰაერო სივრცის დატვირთვის მატებამ განაპირობა. პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა სრულიად აღდგა და 66%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, აქედან კი თითქმის გაორმაგებულია (96%) საქართველოს საჰაერო სივრცის სატრანზიტო დერეფნად გამოყენების რაოდენობა.

"საქაერონავიგაციას აქვს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში მფრენ უფრო მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახუროს. ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების მართვის ახალმა სისტემამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, არსებული ორსექტორიანი სივრციდან ოთხსექტორიან სივრცეზე გადასულიყო და კიდევ უფრო გაეზრდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა. ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვის ზრდის პარალელურად იზრდება ახალი კადრების დამატების აუცილებლობა. შპს "საქაერონავიგაცია" ყოველთვის თავად ზრუნავს ახალი კადრების აყვანასა და მათ მომზადებაზე. კონკურსის დაწყების პარალელურად ცხადდება ღია საერთაშორისო ტენდერი, სადაც გამარჯვებული საავიაციო სასწავლებელი სხვა ვალდებულებებთან ერთად იღებს პასუხისმგებლობას კადრების ობიექტურ შერჩევაზეც.

კონკურსი მათი უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს - ტარდება გამოცდა ინგლისურ ენაში, ტესტირება ორ ეტაპად და გასაუბრება. კონკურსში გამარჯვებულები საზღვარგარეთ სასწვლებლად მიდიან 6 თვის ვადით. მათი სწავლების და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს "საქაერონავიგაცია". სწავლების პერიოდში ისინი ავტომატურად ხდებიან "საქაერონავიგაციის" თანამშრომლები, სარგებლობენ კომპანიის სოციალური პაკეტით და აქვთ დანიშნული ხელფასიც. 2015-2023 წლებში საქაერონავიგაციამ ოთხჯერ გამოაცხადა კონკურსი და ჩვენს კომპანიას ამ წლებში 54 ავიამეთვალყურე შეემატა. 2024 წელს დაგეგმილია 17 ახალი ავიამეთვალყურის აყვანა.

კონკურსანტები შერჩევის პროცესი რთულია, მაგრამ სამართლიანი, აქ ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს საშუალება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდნით და უნარებით დაეუფლოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთულ, საპასუხისმგებლო და ამავდროულად, მაღალანაზღაურებად პროფესიას. ახალი კადრების მოზიდვისთვის სასურვილია, მაქსიმალურად გაიზარდოს ავიამეთვალყურის პროფესიის ცნობადობა და ინფორმაცია კონკურსის შესახებ. რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს ინფორმაცია ამ ვაკანსიის შესახებ, მიიღოს მონაწილეობა კონკურსში და გამოიყენოს შანსი, მომავალი პროფესიის დასაუფლებლად და ყველაზე მდგრად, მზარდ და სტაბილურ კომპანიაში დასასაქმებლად. საქაერონავიგაციის მიერ სრული დაფინანსებით მომზადებული კადრები, საქართველოში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებენ სწავლებას, გადიან დამატებით თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, აგროვებენ საერთაშორისო რეგულაციებით დადგენილ ნამუშევარ საათებს, აბარებენ სალიცენზიო გამოცდას და კონკურსში გამარჯვებიდან დაახლოებით 2 წელიწადში შეძლებენ საკუთარ თავზე ფრენების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

დღეს საქაერონავიგაციას 120 ლიცენზირებული ავიამეთვალყურე ჰყავს. ისინი 12 საათიან ცვლაში მუშაობენ, რათა უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში უზრუნველყონ ფრენის უსაფრთხოება, თანმიმდევრულობა და დროულობა. მათი უპირველესი ფუნქციაა, რომ საჰაერო სივრცეში გადაადგილებისას თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით იფრინონ და არ მოხდეს მათი სახიფათო მიახლოება.

ავიამეთვალყურეები ასევე პასუხისმგებლები არიან თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენასა და დაშვებაზე. საქაერონავიგაცია: კომპანიის მისიაა, საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლებს გაუწიოს უსაფრთხო, ეფექტიაინი და ეფექტური სააერნაოსნო მომსახურება ქვეყნის კანონმდებლობის და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების სტანდარტების შესაბამისად,"-აღიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.