ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს
27 ივნისი, 2017

თბილისი (BPI) – მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს.

ჩემპიონატის საქართველოში გამართვის შესაძლებლობები განიხილეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანმა სარა ლუისმა თბილისში გამართულ შეხვდერაზე.

პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად – უკვე გაიხსნა სამი ახალი სათხილამურო კურორტი – გოდერძი, თეთნულდი, კოხტა-მიტარბი; მუშავდება კიდევ ოთხი კურორტის – ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმები.

სარა ლუისთან ერთად საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტ – კოორდინატორი სათხილამურო ფრისტაილში  ჯოზეფ ფიცჯერალდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ ინსპექციას განახორციელებს.

27-28 ივნისს იგი გუდაურისა და ბაკურიანის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.

საქართველოს კანდიდატურა 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში 2017 წლის 1 მაისს წარადგინა. ჩემპიონატის  მასპინძელი ქვეყანა შეირჩევა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე,რომელიც საბერძნეთში 2018 წლის მაისში გაიმართება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.