ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურპაკეტები მზადაა
18 ოქტომბერი, 2021

საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ამის შესახებ "კომერსანტს" აზერბაიჯანის შოურუმში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, შოურუმი აქტიურად შეუდგა მუშაობას აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციაზე და პარალელურად მუშაობენ, საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზეც.

"პოსტპანდემიურ პერიოდში კვლავ ვახდენთ აზერბაიჯანის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, ასევე აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსა და აზერბაიჯანის კომბინირებულ ტურისტულ პაკეტებზე. როგორც ონლაინ ფორუმებში ასევე შოურუმში აქტიურად ხდება კომბინირებული სამოგზაურო პაკეტების დარეკლამება. დარწმუნებული ვართ ამ პაკეტებზე მოთხოვნა  გაიზრდება, როგორც კი პანდემიის პირობები შემსუბუქდება ორივე ქვეყანა სრული მობილიზებით განაგრძნობს თანამშრომლობას და ტურისტების მოზიდვას,. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ, აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებს ყარაბაღის ტურისტულ მიმართულებას. ამ მომენტისთვის აქცენტი გადატანილია შუშაზე. ამ ქალაქში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ კიდეც ქართველი ჟურნალისტები და გააცნეს შუშის სამოგზაურო-სანახაობრივი პოტენციალი. ქართველი ჟურნალისტებისა და ცნობილი საზოგადო აქტივისტების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და SOCAR-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა,. ამგვარი აქტივობები, ერთმანეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ შესწავლა და ცოდნა დაეხმარება მხარეებს, უფრო მეტად დააინტერესონ მესამე ქვეყნების წარმომადგენლები თბილისიდან ჩავიდნენ ბაქოში და პირიქით. ასე რომ დარწმუნებული ვართ, აზერბაიჯანი-საქართველოს კომბინირებულ ტურებზე მოთხოვნა წამოვა," - ამბობს თბილისში მოქმედი აზერბაიჯანული შოურუმის მენეჯერი მარიამ ნათაძე. 

პოზიტიური და ოპტიმისტურია ამ წამოწყებაზე ტურიზმის ექსპერტების შეფასებაც.  სფეროს სპეციალისტების განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი ტურისტული პაკეტის შემუშავება მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს, რომ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა მიმოსვლა გააქტიურონ და სხვა ქვენების ტურისტებიც მოიზიდონ. მანანა ალადაშვილის აზრით, ამის  შესაძლებლობას იძლევა ,,იუნესკოს" ძეგლები, დაცული ტერიტორიები და სხვადასხვა ტიპის ღირშესანიშნაობები, რომლებიც მრავლადაა ორივე ქვეყანაში. ალადაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტისგან ქვეყნები საკმაოდ დიდ სარგებელს ნახავენ, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის სერიოზული სტიმული გახდება. ამ კონტექსტში ექსპერტი შენიშნავს, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების 40% აზერბაიჯანელებია. ალადაშვილს არც ის გამოპარვია, რომ ბოლო დროს მოთხოვნა გაძლიერდა ქოს-ტურებზე, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში სტუმრობას გულისხმობს. ალადაშვილს აქვს რეკომენდაციაც. მისი აზრით, ერთობლივ ტურისტულ პაკეტში განასაკუთრებული ადგილი ღია სივრცეებსა და ბუნებაზე უნდა დაეთმოს. 

,,აზერბაიჯანი ფინანსურად ძლიერი ქვეყანაა და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში კარგი ინვესტიციები ჩაიდება, ძალიან საინტერესო იდეაა, რომელიც შედეგს ნამდვილად მოიტანს", - აცხადებს მანანა ალადაშვილი.

ერთობლივი ტურისტული პროექტის იდეას  ერთმნიშვნელოვნად იწონებს ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი, ნიკა კვარაცხაელიაც.

,,მწერლები, საზოგადო მოღვაწეების სახლები, მეჩეტები,  ეს ყველაფერი საინტერესო სანახაობაა აზერბაიჯანელი ტურისტებისთვის. კარგია, რომ ტურიზმის დარგში ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ამის პოტენციალი ნამდვილად დიდია. უფრო ალბათ ისტორიული ტურისტული ტურები იმუშავებს", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

ექსპერტების თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის კომბინირებული ტურები იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ხშირი იქნება  პირდაპირი რეისები თბილისიდან ბაქოში და პირიქით, ასევე გაუმჯობესდება სარკინიგზო თუ სხვა სახმელეთო მარშრუტები. სპეციალისტების შეფასებით, ორი ქვეყნის ტურისტულ მიმოსვლას და ერთობლივ ტურისტულ შეთავაზებას  ამარტივებს ისიც რომ ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. აუცილებელია ორივე ქვეყანამ გააქტიუროს თანამშრომლობა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ხაზის კომფორტული და სწრაფი ფუნქციონირებისთვის.

"ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვმუშაობთ შესასვლელი პორტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მიზნად ისახავს საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებას. გაუმჯობესდა ტექნიკური აღჭურვილობა. ვატრენინგებთ თანამშრომლებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით. ვცდილობთ გავამარტივოთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული პროცედურები, რათა აზერბაიჯანში შესვლა ვიზიტორებისთვის იყოს მარტივი და კომფორტული. ჩვენი სამოქმედო გეგმა ამის გარანტიაა და მოლაპარაკებებიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია, უბრალოდ, კოვიდვითარება პროცესს ანელებს, თუმცა პროგრესი აშკარაა," - განაცხადა აზერბაიჯანის თბილისში მოქმედი შოურუმის მენეჯერმა, მარია, ნათაძემ. 

ცნობისთვის, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ სვლას ჯერ კიდევ 2019 წლიდან 2020 წლისთვის გეგმავდნენ. ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.