საქართველო, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყნა – მთავრობა “აგრესიულ კამპანიას” აანონსებს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კერძო სექტორმა სახელმწიფოს წინაშე დააყენა მოთხოვნა – მოხდეს საქართველოს, როგორც “ტურიზმისთვის უსაფრთხო” ქვეყნის რეკლამირება.
“ბიზნესისგან მოთხოვნაა, გავაკეთოთ საქართველოს, როგორც ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნის მარკეტინგი. გარდა ამისა, საკმაოდ აგრესიული მარკეტინგული სტრატეგია გვექნება იმისთვის, რათა ქვეყნის უსაფრთხო იმიჯი კვლავ განმტკიცდეს. ამასთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტრადიციული ბაზრები იყოს შენარჩუნებული,” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ტურიზმის ადმინისტრაციის პროგნოზი ეყრდნობა იმ მოლოდინს, რასაც ადმინისტრაცია რუსი ტურისტების სახით ელოდა. მილიონამდე ადამიანი ვინც უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მათგან მისაღები შემოსავალი არის დათვლილი – 750 მილიონი დოლარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ნაკადი არ შეწყდება და შემოსავალი არ დაიკარგება, მაგრამ რასაც ვისმენთ, ტურიზმის ინდუსტრიიდან არის ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანი დაიკარგა. მნიშვნელოვანი ზარალი, რა თქმა უნდა, იქნება,” – ამბობს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ე.წ. ტურისტული ემბარგო ამოქმედდა.
bm.ge