მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) ანგარიში სახელწოდებით: „მოგზაურობა და ტურიზმი: კონკურენტუნარიანობა 2019“გამოაქვეყნა. რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული.
ანგარიშში წარმოდგენილია ამ მიმართულებით შედგენილი 140 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 68-ე ადგილს იკავებს. 1-დან 7-მდე ქულათა გრადაციაში ჩვენმა ქვეყანამ 3,9 ქულა მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2019 წლის რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა. 2017 წლის რეიტინგში საქართველოს 70-ე ადგილი ეკავა.
რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი (39-ე ადგილი) უსწრებენ, კავკასიის რეგიონის მასშტაბით კი საქართველო მოწინავე, პირველ პოზიციაზეა. სიაში სომხეთი 79-ე, ხოლო აზერბაიჯანი – 71-ზე ადგილზე გავიდნენ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შედგენილ რეიტინგში ესპანეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე საფრანგეთი, ხოლო მესამეზე – გერმანიაა. საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:
-
ესპანეთი
-
საფრანგეთი
-
გერმანია
-
იაპონია
-
ამერიკა
-
დიდი ბრიტანეთი
-
ავსტრალია
-
იტალია
-
კანადა
-
შვეიცარია
როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ყველა ქვეყანას შესაბამისი ქულა და რეიტინგში ადგილი ქვეყნის კანონმდებლობის, გარემოს დაცვის, ჰიგიენის ნორმების დაცვის, მოგზაურობის, ტურიზმის პრიორიტეტების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მგზავრობის ფასების, ასევე, კულტურული სიმდიდრეებისა და უსაფრთხოების საფუძველზე მიენიჭა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ანგარიშს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამზადებს. წლევანდელი რეიტინგის წარდგენა სამხრეთ აფრიკის ტურისტულ მეტროპოლ კეიპტაუნში მოხდა.
Commersant.ge