ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოდან დეპორტირებული ტურისტები
05 ივლისი, 2017

ბოლო ორ დღეში ინტერნეტსივრცეში ინდოეთის 2 მოქალაქის საქართველოდან დეპორტაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

ერთი შემთხვევა ინდოელ ბიზნესმენ აკბარ ქუშერს ეხებოდა, რომელიც დუბაიდან თბილისში მოფრინავდა და მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს. 

მეორე შემთხვევის შესახებ ინდოეთის მოქალაქე ქუშბუ კაუშალმა სოციალურ ქსელ Facebook-ში თავად დაწერა. ინდოეთის მოქალაქე წერილში, რომლითაც ინდოეთში საქართველოს ელჩს მიმართავს, აღნიშნავს, რომ ის საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს, რამდენიმე საათი ალოდინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ინდოეთის მოქალაქის მტკიცებით, საქართველოში შემოსასვლელად ყველანაირი დოკუმენტაცია ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის ქვეყანაში არ შეუშვეს. ქუშბუ კაუშალი წერს, რომ როგორც კი დეპორტაციის მიზეზის განმარტება მოითხოვა, ოფიცერმა მას უყვირა და საიმიგრაციო ოთახში დაჯდომისკენ მიუთითა. 

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ღამის დასაწყისი. ყველა ჯერზე, როდესაც ვკითხულობდი ჩემი დეპორტაციის მიზეზებს, მიყვიროდნენ და უხეშად მიმითითებდნენ კუთხისკენ. არ ვიცოდი, რა დავაშავე, რა იყო ჩემი ბრალი, რამდენ ხანს დავრჩებოდი საიმიგრაციო ოთახში და როდის ვიქნებოდი სახლში. 

ქვეყანაში ჩამოფრენიდან მხოლოდ 7 საათის შემდეგ დამრთეს ნება, საკვები და წყალი მეყიდა. ორსაათნახევრის შემდეგ კი ერთ-ერთი ოფიცერი მოვიდა და მიყვირა, რომ უნდა წავსულიყავი, რადგან ჩემი უკან დასაბრუნებელი ფრენა მოახლოებული იყო. როდესაც ჩემი პასპორტი მოვითხოვე, მითხრეს, რომ მას მუმბაიმდე არ დამიბრუნებდნენ“,- წერს ტურისტი. 

მისივე თქმით, მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო მისი დეპორტის ოფიციალური მიზეზი. 

"ინდოეთის იმიგრაციის სამსახურში მითხრეს, რომ ჩემი დეპორტაციის მიზეზი ვიზიტის მიზნის შესახებ ოფიცრისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია იყო",- წერს ინდოეთის მოქალაქე და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ჩათვალა ოფიცერმა არასწორად მისი პასუხები. 

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მოქალაქის ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ინდურმა მედიამაც გაავრცელა. 

"საქმის კურსი"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინდოეთის მოქალაქის წერილი ინდოეთში საქართველოს საელჩოში ნამდვილად შესულია. 

"საელჩომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. დაუკავშირდა წერილის ავტორს და მიდის მუშაობა, რომ უახლოეს მომავალში შედგეს შეხვედრა“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

"საქმის კურსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსაგანაც მოითხოვა პასუხი, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მათგან რეაგირება არ ყოფილა. უწყებამ ზოგადი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. 

"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. 

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს",- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან დეპორტირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციამ უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო. 2015 წელს ბრიტანული გამოცემა Dailymail წერდა, რომ საქართველოში ჩამოსული მუსლიმი ტურისტი გრძელი წვერის გამო საზღვარზე არ შეუშვეს. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს, "UAE bank"-ის დუბაის მენეჯერი. დეპორტირებული ტურისტი, რომელიც საქართველოში ცოლთან და მცირეწოლოვან შვილებთან ჩამოვიდა, აცხადებდა, რომ დეპორტაცია მისი რელიგიის გამო მოხდა. 

შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ია თაბაგარის განცხადებით, საქართველოს საზღვარზე აზიიდან შემოსული ტურისტების მიმართ უხეში დამოკიდებულება და დეპორტაციის შემთხვევები იშვიათი არ არის. 

თაბაგარი "საქმის კურსთან" ამბობს, რომ უშუალოდ მის მიერ საქართველოში ჰონგ-კონგიდან შემოყვანილ ტურისტებსაც ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე საათი დააყოვნეს და შერაცხყოფა მიაყენეს. 

ია თაბაგარი განმარტავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება. 

"ან დავხუროთ საზღვრები ან მოვექცეთ ამ ხალხს წესიერად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ასეთ დროს ჩვენსკენ იყურებიან, როგორც შეუმდგარი ქვეყნისკენ. ჩვენც ვმოგზაურობთ ტურ-ოპერატორები სხვადასხვა ქვეაყანაში და ზეპირად ვიცით, რომელ აეროპორტში ვის როგორ ექცევიან. შუა აზიის აეროპორტებშია ხშირად ასეთი შემთხვევა, მეც მქონია და მეც მაქვს შეგრძნება ამ ქვეყნის მიმართ, რომ შეუმდგარია. 

ეთნოფობია, რომელიც ხშირად მინახავას აეროპორტებში, მიუღებელია აბოლუტურად. იქნებ ტრენინგები ჩაუტარონ მესაზღვრეებს და ასწავლონ, როგორ უნდა მოიქცნენ ტურისტებს",- აცხადებს ტურ-ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი. 

მისი თქმით, განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არის უარყოფითი დამოკიდებულება აზიური ქვეყნების მიმართ და არა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების მიმართ.

"მოვუწოდებ ნებისმიერი პროფესიის და თანამდებობის ადამიანს უფრო ფრთხილად მოეპყრონ ტურისტებს"

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.