მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდა და მისი კიდევ უფრო განვითარება მთავარი პრიორიტეტია.
„ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს. ტურიზმი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და რაც მთავარია, ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციის წარმოჩენა“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. "ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია საქართველოს ყველა რეგიონს, ქალაქსა თუ სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. ამავე დროს, გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სექტორის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის სწორედ საქმიანი ტურიზმის განვითარებაა. „საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია ქვეყანაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან, ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს სტრატეგიას წარმოადგენს, საქართველო რეგიონული თვალსაზრისით იქცეს ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნესისა და რაც მთავარია, ტურისტულ ცენტრად. აქედან გამომდინარე, საქმიანი ტურიზმის განვითარება ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრების ინდუსტრიის განვითარება, რაც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რათა საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება.