სამედიცინო ტურიზმს აქვს პოტენციალი, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს,- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ირმა დაუშვილმა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული დამსვენებლების რიცხვი პირდაპირ დამოკიდებულია ტურისტული ნაკადების ზრდაზე. შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმის გაზრდილმა მაჩვენებლებმა ასახვა ბალნეო ტურიზმზეც პოვა და სექტორში მინიმალური, თუმცა მაინც ზრდა დაფიქსირდა.
„საქართველოში ყველა იმ დაავადების მკურნალობა, ან პრევენციაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის - კუჭ-ნაწლავის, სახსრების, ჭარბი წონის, კანის პრობლემები. გარდა ამისა, ბოლო დროს, საქართველოში ხშირად ჩამოდიან თმის გადანერგვისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების მიზნით. შესაბამისად, საქართველოს აქვს რესურსი სამედიცინო ტურიზმის კუთხით ლიდერ ქვეყნებს გარკვეული კონკურენცია გაუწიოს“, - აღნიშნა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა.
რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის განვითარებას აფერხებს საქართველოში, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცნობადობის სიმცირე და კადრების დეფიციტი - იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ირმა დაუშვილი მიუთითებს.
„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აქტიური მარკეტინგული კამპანიის ჩატარებაა აუცილებელი, რათა საქართველოს არა მხოლოდ ღვინის სამშობლოს სახელით იცნობდნენ, არამედ როგორც ქვეყანას, რომელსაც უამრავი ბუნებრივი რესურსი გააჩნია ბალნეო მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც დღეს საქართველოს ბალნეო კურორტებს თითქმის არ სტუმრობენ და სტუმრების დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. ამ დრომდე, გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურაც - მინერალური წყლების დიდი ნაწილი მაღალ მთიან რეგიონებშია, სადაც ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პრობლემებია. თუმცა, მაგალითად, ნუნისში რამდენიმე კვირაა ამ მიმართულებით სამუშაოები დაიწყეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება გამართული ინფრასტრუქტურა“, - განმარტა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ყველა კურორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.
შეგახსენებთ, საქართველოში, დაახლოებით, 280 საკურორტო ადგილია, აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია. ქვეყანას ასევე 2000-მდე მინერალური წყალი გააჩნია.