ამ დროისათვის საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში რეგულარული ავიარეისებით Turkish Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 344519 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ Turkish Airlines-ს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13%-ი უკავია. გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც 8 თვეში 336380 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 12%-ით დაიმსახურა.
იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია და შესაბამისად TOP-5-ში მესამე ადგილზეა თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 251747 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა შორისაა და “საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილს 6-6%-იანი წილით ბელორუსის ავიაკომპანია Belavia და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai იყოფენ. ბაზრის 5-5%-ის მფლობელები და შესაბამისად მეხუთე ადგილზე არიან საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი
8 თვის განმავლობაში ქვეყნის აეროპორტების მეშვეობით რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 4%-იან წილს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი ფლობს.
რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 3-3%-იან წილს იყოფენ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი, ყაზახეთის ავიაკომპანია FlyArystan-ი, ისრაელის ავიაკომპანია EL AL და პოლონური ავიაგადამყვანი LOT Polish Airlines-ი.
ბაზრის 2-2%-იან წილს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Air Astana, Qatar Airways-ი, Aircompany Armenia და Arkia.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ავიაბაზარზე მგზავრების 97%-ს უცხოური ავიაკომპანიები მოემსახურნენ, ხოლო დარჩენილ 3%-ს კი ეროვნული ავიაკომპანია.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება.
avianews.ge