საქართველოს სამედიცინო ტურიზმისა და ბალნეოლოგიური კურორტების მიმართულებით მეტი რეკლამირება სჭირდება, რადგან ამ კუთხით მას განუზომლად დიდი შესაძლებლობები აქვს. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხში კერძო და საჯარო უწყებებმა ძალიან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.
„საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებს უდიდესი შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე ტურისტულ გამოფენებში ამ საკითხსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ცალკეული კლინიკები და კურორტები გარკვეულწილად აქტიურობენ ამ კუთხით, თუმცა მე არ მსმენია, რომ რაიმე მასშტაბურ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა. ვგულისხმობ ევროპულ და ამერიკულ ბაზრებს და არა - პოსტსაბჭოთა ქვეყნებს,“ - აღნიშნა ნატა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არაერთი კლინიკაა, რომელსაც უკვე ახლა შეუძლია მაღალი დონის მომსახურების შეთავაზება უცხოელი პაციენტებისთვის, ისევე როგორც ამას თურქეთი აკეთებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმომადგენლობები ჰყავს.
ნატა კვაჭანტირაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკული, კანადური და სხვა აკრედიტაციის მიღების შემდეგ, რომელიც 2025 წლიდან სავალდებულო იქნება, კლინიკების პრესტიჟი მეტად გაიზრდება და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები უფრო მეტ სამედიცინო ტურისტს მოიზიდავენ.
Jandacva.ge-სთან საუბარში ნატა კვაჭანტირაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუკი გარკვეული კლინიკებისთვის მისაღები არ არის დაფინანსების ახალი სისტემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები და უარს იტყვიან საყოველთაო ჯანდაცვაზე, იმ შემთხვევაში თუ ისინი მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებენ უცხოეთის მოქალაქეებს, წარმატებით შეძლებენ ბიზნესის სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით განვითარებას. ამ მიზნით კი, მისივე განცხადებით, აუცილებელია საერთაშორისო გამოფენებში აქტიურობა.
jandacva.ge