„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“ – ახალი პლატფორმა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში
22 მარტს, შედგა „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის“ ოფიციალური პრეზენტაცია. ასოციაციის დამფუძნებლებმა: ამირან ივანიძემ, ირმა კოდუამ, მაიკლ ქერშბაუმერმა, იორდი ქუიჯეტმა და ელენე ოთარაშვილმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს ასოციაციის ხედვა, მისია, მიზნები და სამოქმედო გეგმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში MICE ტურიზმის სფეროში მომუშავე ტურისტული და სატრანსპორტო კომპანიების, დიდი სასტუმროების, ავია კომპანიების და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მათ დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოხატეს აღნიშნული ინიციატივის მიმართ.
„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა-განვითარებას ბიზნეს ტურიზმის სფეროში. ეს იქნება ბიზნეს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანებს საქმიანი ტურიზმის მოთამაშეებს.
„ასოციაციის სამოქმედო გეგმა მიმართული იქნება საქართველოში საქმიანი ტურიზმის ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე მთავრობასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობის გზით, ხარისხიანი ბიზნეს ტურისტული შესაძლებლობების მოზიდვაზე და ასოციაციის წევრებისთვის მაქსიმალური ბენეფიტების შექმნაზე. ასოციაციის ეგიდით, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემების იდენტიფიცირება და საჭირო ცვლილებების ინიცირება, ბევრად უფრო შედეგიანი იქნება“ – განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ამირან ივანიძემ.