საქართველოს ელჩი აფხაზეთის შესახებ გერმანიის საზმაუწყებლის სიუჟეტზე – ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში
ვართ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში და გვმართებს, ვიყოთ აქტიურები – ისტორიული ფაქტების დამახინჯების ფაქტზე მივწერეთ რეპორტაჟის ავტორსაც და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რედაქციასაც“, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „საღამოს Newsroom” განაცხადა.
მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელზე გავიდა სიუჟეტი აფხაზეთის შესახებ, სადაც ისტორიული ფაქტების დამახინჯებას ჰქონდა ადგილი და რის გამოც, საქართველოს საელჩომ გერმანიაში მაუწყებელს წერილით მიმართა.
„გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 7-წუთიანი სიუჟეტი გავიდა აფხაზეთის შესახებ. დამახინჯებული იყო ისტორიული ფაქტები, რომელზეც ჩვენ მყისიერად ვიმოქმედეთ, მივწერეთ როგორც რეპორტაჟის ავტორს, ასევე რედაქციას. ვითვალისწინებთ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მედიას დიდი როლი აკისრია, ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში მედიას განსაკუთრებული როლი ჰქონდეს და არ მოხდეს მცდარი თეზისის გავრცელება“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
ელჩმა ასევე უპასუხა „საღამოს Newsroom“-ის წამყვანის კითხვაზე, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის არაკომპეტენტურობას თუ ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართულ მცდელობას.
„აქ სპეკულაციების ადგილი არ არის, ამიტომ ჩვენ ყველა დიპლომატიური არხით ვმუშაობთ და ველოდებით, რომ ხვალ ან ზეგ გვექნება პასუხი გერმანული მხრიდან. დაგეგმილია ამ რეპორტაჟის განმეორებითი გაშვება და ჩვენი პირველი ამოცანაა, მოხდეს ისტორიული ფაქტების კორექტულად წარმოჩენა და არსებული სახით არ მოხდეს სიუჟეტის განმეორებითი ჩვენება. ასევე, ონლაინრეჟიმში შესაძლებელია ამ რეპორტაჟის ნახვა და ჩვენი ამოცანაა, ამ სახით რეპორტაჟი ონლაინრეჟიმიდან მოიხსნას“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში.
მანვე გაიხსენა ის შემთხვევები, როდესაც გერმანულ მედიაში მოხდა ისტორიული ფაქტის დამახინჯება თუ ტერმინოლოგიური შეცდომა და აღნიშნა, რომ წინა შემთხვევებში საელჩომ კონკრეტულ შედეგს მიაღწია.
„გერმანული მედიის ყოველდღიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ისეთ სენსიტიურ საკითხებს, როგორც არის მაგალითად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, და სადაც ხდება თუნდაც, ტერმინოლოგიასთან ან ფაქტების უზუსტობასთან დაკავშირებით შემთხვევა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. რამდენიმე თვის წინ გერმანულის ფედერალურმა პრესსამსახურმა გაავრცელა ასევე აფხაზეთთან მიმართებაში ტერმინოლოგიური უზუსტობა, ჩვენ ჩავერთეთ, მივმართეთ და ის კორექტირდა. გასულ წელს, ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში, რომელიც ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსორციუმის შემადგენელი ნაწილია, ასევე აფხაზეთზე იყო სიუჟეტი, რომელშიც, ჩვენი გადმოსახედიდან, ცალმხრივად იყო წარმოჩენილი ფაქტები. რეაგირება გვქონდა და მე პირადად ვიყავი ლაიფციგში, მათ სათავო ოფისში, სადაც არხის რედაქციასა და ჟურნალისტებს შევხვდით, გვქონდა საათნახევრიანი ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებულ ფაქტებზე და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვართ ამ დეზინფორმაციის და ჰიბრიდული საფრთხეების რეჟიმში, გვმართებს, ვიყოთ აქტიურები და ამას ვაკეთებთ, როგორც საელჩო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავარი ამოცანაა, რომ ახლა მივაღწიოთ შედეგს, როგორც იმ ორ შემთხვევაში დავდეთ კონკრეტული შედეგები, ამ და გასულ წელს, როცა ერთ შემთხვევეაში რედაქციამ მოიხადა ბოდიში და დააკორექტირა სიუჟეტი, ასევე გერმანიის ფედერალურმა პრესსამსახურმა შესაბამისი ტერმინოლოგია ამოიღო“, – განაცხადა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ipn.ge