ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016
13 მაისი, 2016
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს". 
 
ფესტივალი მოიცავს: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას,  საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. 
 
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს.
ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი). ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 2015 წლის 4 ივნისს, თელავში, ხოლო ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება 2016 წლის ივნისში, თბილისში. 
 
ფესტივალმა მთელი საქართველო მოიცვა და ახლა მიმდინარეობს ფესტივალის მეორე ტური. 
20-21 მაისი - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური (ქუთაისის ოპერის თეატრი)
 
24 მაისი - თბილისი (მარჯანიშვილის თეატრი)
 
30-31 მაისი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა - ხულო, შუახევი, ქედა (ფოთის თეატრი)
 
6 ივნისი - ზეპირსიტყვიერების ფინალი (რუსთაველის თეატრი)
 
27-28 ივნისი ფესტივალის ფინალი (რუსთაველის თეატრი)
 
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემია.
 
ფესტივალში აქტიურად არიან ჩართულნი: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ეთნოგრაფ-ეთნოლოგები, მკვლევრები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, მოცეკვავეები, ავტორ-მთქმელები, მთქმელები, ხალხური რეწვის ოსტატები.
 
ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში დღესდღეობით არსებულ ვითარებას, ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას. გამოიცემა DVD ალბომი -  "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016".
 
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.
 



© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.