საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს და მიღებულ შემოსავლებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 100 %-ით აღდგა.
„2023 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის შემოსავლები, 4 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც 2019 წელთან მიმართებაში 26%-ით გადაჭარბებაა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ტურისტულ და საერთაშორისო მოგზაურობს, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2019 წელთან მიმართებით 75.6%-ით აღდგა ვიზიტები და ქვეყანამ 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით თითქმის 100%-იანი აღდგენაა. პანდემიის შემდგომ წლებში დინამიკა ყოველწლიურად იყო მზარდი, საქართველოში ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესში იყო, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია“-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გრძელდება აქტიური კამპანიები ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ახალ ტურისტულ ბაზრებზე ინდოეთსა და ჩინეთში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს კამპანიებს, გამოფენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, ამას მუდმივი სახე აქვს და თავისი შედეგი მოაქვს. ვფიქრობ 2024 წელი ბევრად წარმატებული იქნება და 2019 წელთან შედარებით როგორც ტურისტული ვიზიტებიდან, ასევე შემოსავლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
შეგახსენებთმ 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
bp.ge