საქართველოს პასპორტმა Henley & Partners-ის Passport Index-ის საერთაშორისო რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა, ამას განახლებული ინდექსის მონაცემები მოწმობს. საქართველოს პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ 116 ქვეყანაში.
2021 წლის Passport Index-ში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო და 2021 წლის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 115 ქვეყანაში შეეძლოთ. შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ Passport Index-ში პოზიციები 3 პუნქტით გაიმყარა, რაც რეალურად საუდის არაბეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას უკავშირდება.
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 193 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი. რეიტინგში მეორე ადგილს ინაწილებენ სინგაპური და სამხრეთ კორეა, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ 192 ქვეყანაში უვიზოდ გადაადგილება. პირველ სამეულს გერმანია და ესპანეთი ხურავენ, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ 190 ქვეყანაში იმოგზაურონ.
Henley & Partners-ის Passport Index-ი პერიოდულად აანალიზებს მსოფლიოს 227 ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო რეგულაციებს და მათ უვიზო მიმოსვლის ქვეყნების რაოდენობის მიხედვით აფასებს. კომპანიის მიერ Passport Index-ის შედგენა 10 წელზე მეტია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA) თანამშრომლობით, რომელიც თავის მხრივ მოგზაურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს უდიდეს მონაცემთა ბაზას ინახავს.
ქვეყნის პოზიცია რეიტინგში განისაზღვრება იმ ქვეყნების რაოდენობის მიხედვით, რომლებშიც მის მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ წინასწარი სავიზო განაცხადის გარეშე. ყველა განხილული ქვეყნის პასპორტები ბიომეტრიულია.
commersant.ge