ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“საქართველოს სწორი ბრენდინგი სჭირდება” – ამერიკელი ექსპერტის მთავარი რჩევა
29 ივლისი, 2019

“საქართველო ძალიან კარგი პროდუქტია, რომლის სწორად პოზიციონირების შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს და დაინტერესდება. ზუსტად ვიცი, რომ ჩამოვლენ, მთავარია ცნობადობის გაზრდა. გააცანით თქვენი ქვეყანა მსოფლიოს”, – ასეთია ამერიკელი ტურიზმის ექსპერტისა და Green Team Global-ის წარმომადგენლის ჰიუ ჰოუს შეფასება საქართველოზე.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება სწორი ბრენდინგი და პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე განსხვავებული კუთხით.

“არ არის საჭირო თქვენც შექმნათ იგივე, რაც მაგალითად საფრანგეთს აქვს ,ან გერმანიაში. ეს უკვე ნახეს ტურისტებმა მთელი მსოფლიოდან და ეძებენ ახალ მიმართულებებს, განსხვავებულ ემოციებს და თავგადასავლებს, ამიტომაც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს საქართველო. რა თქმა უნდა, თქვენი მთავარი კოზირი არის თბილისი და ბათუმი, მაგრამ სხვა ადგილების გაცნობაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრისთვის, მათ ეს უფრო აინტერესებთ – უცხო, შორეული და ახალი. მე ამის სწორად პოზიციონირებაში ჩემს გუნდთან ერთად დაგეხმარებით”, – აღნიშნავს ჰიუ ჰოუ.

გარდა ამისა, ჰიუმ BMG-სთან ისაუბრა მომსახურების ხარისხზეც. მისი თქმით, ის საუკეთესო არ არის, მაგრამ მთავარი აქ ხალხი და ხალხის დამოკიდებულებაა სტუმრების, ტურისტების მიმართ.

“მომსახურების სექტორს თუ პროფესიონალურ დონეზე შევხედავთ, მაღალი არ არის, მაგრამ პირადად ჩემთვის ემოციურად ის უფრო დასამახსოვრებელია, ცოტა ინგლისურის ცოდნით, მაგრამ გულწრფელი სიხარულით რომ მიმიღეს, ვიდრე ხელოვნური ღიმილით და გამართული ინგლისური ენით. ტურიზმი ემოციებია და საქართევლო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამ ემოციების დასაგროვებლად”, – განაცხადა Green Team Global-ის წარმომადგენლმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ექსპერტი და Green Team Global-ის წარმომადგენლი ჰიუ ჰოუ საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოს დაეხმაროს მსოფლიოს ბაზარზე სწორად პოზიციონირებაში, ეფექტიანი მარკეტინგული კამპანიების წარმოებაში და მცირე დანახარჯებით, მეტი ტურისტის მოზიდვაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.