ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიზარდა საწოლფონდი და მოთხოვნა მიწოდებას ვეღარ ეწევა, ამიტომ ფასებმა დაიკლო“ - ჰოტელიერი
22 მარტი, 2024

2023 წლის თბილისში 28 ბრენდული სასტუმრო ფუნქციონირებდა, ბათუმში 9, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში 8. Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წელს ბრენდული სასტუმროების ოთახების რაოდენობამ 6 113 შეადგინა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 5354 იყო, ხოლო 2021 წელს 4160. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2027 წლამდე ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტი უნდა აშენდეს, რაშიც 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბოლო პერიოდში თითქმის ყველა კატეგორიის სასტუმროების საწოლფონდი გაიზარდა, რამაც ყოველდღიური შემოსავალი შეამცირა. მისი თქმით, ზრდა განსაკუთრებით თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში დაფიქსირდა.

„ბოლო პერიოდში სასტუმროების ნომრების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, ამდენი მოთხოვნა კი რეალურად ქვეყანაში არ არის. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიზარდა საწოლფონდი და მოთხოვნა მიწოდებას ვეღარ ეწევა, ამიტომ ფასებმა დაიკლო. ვფიქრობ მთავარი პრობლემა ინვესტიციების დივერსიფიკაციაა, რადგან განთავსების კარგი ობიექტები გვაკლია, მაგალითად ახალციხეში, რაჭაში, სადაც ძალიან ლამაზი ადგილებია, თუმცა ტურისტებს ვერ ვაჩერებთ, რადგან რეალურად არ არის ბევრი და კარგი განთავსების ობიექტი. ამას ძლიერი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობის მხრიდან.

რეგიონებში ახალი სასტუმროების აშენებისთვის ინვესტორს მიმზიდველი პირობები უნდა შევთავაზოთ, მაგალითდა როგორიცაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მიწის საინვესტიციოდ დაბალ ფასად გადაცემა, გარკვეული პერიოდი გადასახადებისგან გათავისუფლება და მეტი შეღავათი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, დაინტერესებაც იქნება. ამას უნდა დაემატოს ადგილის როგორც პოტენციალის რეკლამირება და ა.შ“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.