წელს საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმი, სავარაუდოდ, 2019 წლის 25%-ის დონეზე აღდგება - ამის შესახებ პროგნოზს “თიბისი კაპიტალი” აკეთებს. ორგანიზაციის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა 2022 წელს დაჩქარდება და ის 2019 წლის დონის 90%-ს მიაღწევს, თუმცა ამავე ანგარიშში ტურიზმის აღდგენის რისკფაქტორად ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა და დაგვიანებული ვაქცინაციის პროცესი სახელდება.
"ტურიზმის თანდათანობით აღდგენის სცენარს შემდეგი არგუმენტები ამყარებს:
• რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, პანდემიამდელი პერიოდის ძლიერი, 20%-იანი ზრდა;
• საქართველოს ტურიზმის სტრუქტურაში შორეული და ბიზნეს მოგზაურობების მცირე წილი;
• შედარებით ახალგაზრდა ტურისტებისა და განმეორებითი ვიზიტების მაღალი წილი;
• ტურისტული ღია სივრცეების სიმრავლე;
• დაგვიანებული ვაქცინაციის ფონზე, ვირუსის შემობრუნებისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რისკების გამო, საზღვრების ეტაპობრივი გახსნა, უფრო მოსალოდნელია," - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ტურისტული სექტორიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლები დაკარგა.
რაც შეეხება მთლიანად ეკონომიკურ ზრდას, “თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა - 4%-ით, 2022 წელს კი 7.5%-ით უნდა გაიზარდოს.
დაკრედიტების ზრდის მხრივ, ორგანიზაციამ შეცვალა საკუთარი მოლოდინი და სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე სესხების ზრდის 9%-იან ტემპს პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
"საბაზო სცენარით ნავარაუდებია, რომ 2021 წლის განმავლობაში რეფირანსირების განაკვეთი არსებულ დონეზე შენარჩუნდება და შემცირების ციკლი 2022 წელს დაიწყება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, განახლებულია ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ღირებულება 2021 წლის დეკემბერში, სავარაუდოდ, 3.2-3.5 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 6%-7%-იან ნიშნულს მიაღწევს. პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.
bm.ge