ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ტურისტები სვანეთში ჯავშნებს აუქმებენ - "ფოსტა"
05 აგვისტო, 2021

საქართველოს წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ტურისტები სვანეთში ჯავშნებს აუქმებენ. აღნიშნულ ტენდენციაზე BM.ge-ს მესტიაში მდებარე რამდენიმე სასტუმროში განუცხადეს. სასტუმრო "ფოსტას" ადმინისტრატორი გაგა ჩართოლანი ამბობს, რომ წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ, ტურისტულმა სააგენტოებმა ჯგუფური ჯავშნები გააუქმეს, რადგან ტურისტებმა აქ ჩამოსვლაზე უარი განაცხადეს.

“წლევანდელი ზაფხულის დატვირთულობა საშუალო დონეზეა. წინა სეზონთან შედარებით, წელს უკეთესი სიტუაციაა, თუმცა თუ შევადარებთ 2019 წელს, რა თქმა უნდა, იმ პერიოდთან შედარებით სასტუმროს დატვირთვ სამჯერ ნაკლებია. იმის გამო, რომ ქვეყანა წითელ ზონაშია, ებრაელები ჯავშნებს გვიუქმებენ. რამდენიმე ჯავშანი უკვე ოფიციალურად გაუქმებულია. არსებობს რამდენიმე ტურისტული კომპანია, რომელიც ისევ ელოდება პასუხს, თუმცა ასეთი ცოტაა. თუ გაუმჯობესდა პანდემიის მხრივ სიტუაცია, ან ცოტა მაინც არ დასტაბილურდა ძალიან ცუდ შედეგებზე გავალთ და მერე ყველა გააუქმებს ჯავშანს. ჯამში პანდემიამ მოგება 40%-ით შეგვიმცირა",- აღნიშნა bm.ge-სთან სასტუმრო "ფოსტას" ადმინისტრატორმა გაგა ჩართოლანმა.

BM.GE  სასტუმრო “ჰეშკილის ქოხებსაც" დაუკავშირდა, რომლის დამფუძნებელიც ამბობს, რომ დამსვენებლები ხარჯვისგან თავს იკავებენ, ამიტომ დატვირთულობას სიმცირე შესამჩნევია.

“შარშანდელთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ერიდებიან, ამიტომ შემცირება ძალიან დაგვეტყო. კიდევ ამ სიტუაციის ახსნა იმით შემიძლია, რომ ადამიანები ერიდებიან თანხების არ დახარჯვას, ალბათ მარაგებს აკეთებენ და შესაბამისად, ხარჯვისგან თავს იკავებენ.

ჯერჯერობით ჩვენი სასტუმროს სახელით, შემიძლია ვთქვა, რომ ჯავშნები არ გაუქმებულა, ვინც დაჯავშნა, მათ ველოდებით, გაუქმების სტატუსი ჯერჯერობით არ მოგვსვლია", - ამბობს დავით ფილფანი.

“ჰეშკილის ქოხების” დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც მათ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო 7 აგვისტოს და ამ დრომდე მათ მთავრობის მხრიდან დასტური ჰქონდათ, გუშინ უარი უთხრეს გამართვაზე, რის გამოც ბიზნესმა ფინანსურად დიდი ზარალი ნახა.

"ჯამში ზარალიანი წელია, ორი დღით ადრე გაგვაფრთხილეს, რომ ფესტივალი არ ჩაგვეტარებინა, როცა წინა სამზადისის პერიოდში სრული თანხმობა გვქონდა მთავრობისგან. “ჰეშკილის ქოხები" იყო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის “velocity”-ის მასპინძელი და გუშინ გვითხრეს, რომ ფესტივალი არ გაგვემართა ეპიდ-სიტუაციის გამო… ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გავწიეთ ამ ფესტივალისთვის და ორი დღით ადრე უარი გვითხრეს, შესაბამისად ძალიან ბევრი ვიზარალეთ", - აცხადებს BM.GE-სთან “ჰეშკილის ქოხების” დამფუძნებელი დავით ფილფანი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.