მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპების ფონზე საქართველოში საპირისპირო ტრენდია - ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და სულ უფრო უარესდება დემოგრაფიული მაჩვენებლები. როგორც ანალიტიკოსი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, პროფესორი ანზორ მესხიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ვერც შეღავათებმა გააჩერა და სოფლები უფრო და უფრო იცლება. საქართველოს ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარება აქამდე არ ჰქონია.
,,ისტორიულად სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგში ვითარება არსებითად შეიცვალა. 1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1%, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს 28,1%, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,9% შეადგინა. სამაგიეროდ 1926 – 2010 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 30.4%-დან 38%-მდე გაიზარდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის წილი სულ უფრო მცირდება, სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაშიც. მაგალითად, 1926 წელს საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 45,5%-ს შეადგენდა, აზერბაიჯანისა - 39,5%-ს, ხოლო სომხეთისა - 15%-ს. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სჭარბობდა აზერბაიჯანის მოსახლეობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, 2050 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 34%-ით გაიზრდება, სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით, საქართველოს მოსახლეობა კი 28%-ით შემცირდება. საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად თანდათანობით საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ეკონომიკის განვითარებას“, - განმარტავს ანზორ მესხიშვილი.
რაც შეეხება რეგიონებს, ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და უფრო ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში, ხოლო 905, ანუ ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100-მდე მცხოვრებია.
,,განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ მოსახლეობისგან ცარიელდება საქართველოს ისტორიული კუთხეები - რაჭა-ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა მთიანი რეგიონები. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 000 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ მხოლოდ 22 000 კაცი ცხოვრობს - ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები. გამოდის, რომ მტერი და აგრესორი სულაც არ არის საჭირო, რომ ჩვენ რამე გვავნოს. ჩვენ თვითონვე გავქრებით დედამიწის ზურგიდან და ამისთვის დიდი დროც არ დაგვჭირდება. ოთხი საკითხია მოსაგვარებელი, რამაც შეიძლება ამ პრობლემას უშველოს: უნდა ჩატარდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს მიწის კოდექსი, სოფლის მეურნეობის მიწების მონიტორინგის სააგენტო გახდეს დამოუკიდებელი სტრუქტურა და სასწრაფოდ აღვადგინოთ მიწის ბალანსის წარმოება. ცხადია, შედეგი მეცნიერების ჩართვის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხის მეცნიერული გადაწყვეტა, სპეციალისტების ჩართვა, თუ სად რა არის პრიორიტეტული, რის მიხედვითაც თითოეული რეგიონი უნდა განვითარდეს“, - აცხადებს მესხიშვილი ,,კომერსანტთან“.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთიანი რეგიონების თანაბარი განვითარების და მისი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. ამავე წელს შეიქმნა მთის განვითარების ფონდი.
მთის კანონით, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესდა როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. მთის კანონის დაფარვის ზონაში დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან.
მთის დასახლების სტატუსი ამ ეტაპზე საქართველოში არსებულ 1729 დასახლებას აქვს. მთაში მცხოვრები 325 000 ადამიანიდან კი მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით 250 000-მდე მოსახლე სარგებლობს.
commersant.ge