“საქართველოში ადგილწარმოშობის ღვინოების 30% გურჯაანში მოდის”, – ამის შესახებ bm.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა.
როგორც სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჯამში, 18 ადგილწარმოშობის ღვინო იყო, ხოლო ცოტა ხნის წინ, მე-19 – ხაშმი დაემატა. მისივე თქმით, 19-დან 14 ადგილწარმოშობის ღვინო კახეთშია, ხოლო აქედან 6, გურჯაანში მოდის.
“ადგილწარმოშობის ღვინის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მის წარმოებას შეუწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილწარმოშობის ღვინის განვითარება ფრანგული და იტალიური მოდელია, რაც მისაღებია. ადგილწარმოშობის ღვინით მის ხარისხსა და სპეციფიურობას ესმევა ხაზი”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
ღვინის ხარისხის და წარმოების განვითარებაზე საუბრისას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ქვეყანაში მცირე მარნების განვითარებაზეც საუბრობს.
დავით სონღულაშვილის განმარტებით, მცირე მარნების საშუალებით უმჯობესდება, როგორც ღვინის ხარისხი, ასევე მეღვინეს შესაძლებლობა ეძლევა, პროდუქციის რეალიზაცია მარტივად შეძლოს.
“სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში მცირე მარნების საკითხი გათვალისწინებულია. კერძოდ, მისი მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გაგრძელდება, რადგან მცირე მარნების განვითარებით სეგმენტი უფრო მაღალ, ახალ პოზიციაზე ავიდეს”, – განუცხადა bm.ge-ს სონღულაშვილმა.
BM.GE