ჭიათურაში, კაცხში, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის “ ორგანიზებით, ლერი მიქელაძის სახელობის თასის მოსაპოვებლად, ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი იმართება.
შეჯიბრში მონაწილეობენ როგორც საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მეკლდეურთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდები (მესტია, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, ნიქოზი ), ასევე, აზერბაიჯანის მეკლდეურთა ნაკრები გუნდი.
როგორც მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მირზა ლიპარტელიანმა განაცხადა, პროგრამაშია ერთი სახეობა – რთული ცოცვა, დროის დაფიქსირებით.

„კლდეზე ცოცვის ფესტივალზე მრავალგზის ჩემპიონის, ლერი მიქელაძის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდება. ცნობილი ქართველი მეკლდეური ლერი მიქელაძე ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ღონისძიების დროს. კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მის მემორიალურ დაფასთან, წელს მეშვიდედ ჩატარდება ბუნებრივ კლდეზე ცოცვის ფესტივალი. სასიხარულოა, რომ წელს პირველად, „ჭიათურმანგანეზმა“ გამოთქვა სურვილი, ფედერაციას გვერდით დაუდგეს და ჭიათურაში სპორტის ეს სახეობა განავითაროს. დიდი მადლობა მის მმართველს, ბატონ ნიკოლოზ ჩიქოვანს. ვფიქრობ, წელს ფესტივალი პირველად ჩატარდება ფართომასშტაბიანად, აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც ჩამოვიდნენ, მონაწილეობის მისაღებად“, – აცხადებს მირზა ლიპარტელიანი.
შეჯიბრება, საერთაშორისო წესების მიხედვით, ორ ეტაპად ჩატარდება: კვალიფიკაცია და ფინალი. პირველ ეტაპზე, შეჯიბრება გაიმართება კვალიფიკაციაში, სადაც დაშვებულია ყველა სპორტსმენი. კვალიფიკაციაში თითოეულ 1-4 ადგილზე გასული მეკლდეურები (ვაჟები, გოგონები) დაიშვებიან ფინალურ ეტაპზე.
ფინალში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გამოვლინდებიან გამარჯვებულები და პრიზიორები ბიჭებსა და გოგონებში. შეჯიბრება ტარდება მხოლოდ პირად პირველობაზე.
www.travelingeorgia.ge