ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში დაცული ტერიტორიების რაოდენობა იზრდება - 2018 წელს რაჭას ეროვნული პარკი, ან ბუნების ძეგლი ექნება
23 მარტი, 2017

2018 წლისთვის რაჭაში სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნება. ამის შესახებ „კომერსანტთან" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, დაცული ტერიტორია დაიწყება ონის რაიონიდან და დასრულდება ამბროლაურის რაიონში.

კითხვაზე, რა ფართობზე იქნება დაცული ტერიტორია და რა იქნება მისი ბიუჯეტი, მოისწრაფიშვილი განმარტავს,რომ ამას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული კვლევა აჩვენებს. მისი ინფორმაციით, განიხილება როგორც ეროვნული პარკის, ისე ბუნების ძეგლების მოწყობაც. სად რომელი სტატუსი შეიქმნება, ეს დამოკიდებული იქნება ფონური კვლევების დასკვნის შემდეგ.

მოისწრაფიშვილის განმარტებით, კვლევები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება,რომლის შემდეგაც შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს.

„ თუ აკმაყოფილებს ეროვნული პარკის მოთხოვნებს, შეიქმნება ეროვნული პარკი, თუ აღდგენა ან გარკვეული, ხელოვნური ჩარევა სჭირდება-აღკვეთილი. შესაძლოა, შეიქმნას ბუნების ძეგლი,ან კანიონი. კვლევები დადებს რუქებსაც"-აცხადებს მოისწრაფიშვილი.

მისი ინფორმაციით, კვლევები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 1.5 მილიონ ევროს აღემატება.

პროექტის საბოლოო მიზანი დაცული ტერიტორიების იურიდიული დაარსებაა. დაცული ტერიტორიები შექმნისთანავე სამართავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცემა.

ამჟამად საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიებისსაერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე კი დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.