ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი შემოდგომაზე გაიხსნება
16 ივნისი, 2021

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი.

პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ უმაღლესი სასწავლებელი ბლოკ ჯგუფის და სეუ-ს ერთობლივი პროექტია და ის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შენობაში გაიხსნება.

„2021 წლის შემოდგომაზე ვაპირებთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შენობაში ტურიზმის სასწავლებლის გახსნას, მიდის კონკრეტულ პროგრამაზე მუშაობა და ველოდებით ამ პროგრამის აკრედიტაციის პროცესის დასრულებას, თუმცა წელს უკვე სასწავლებლის გახსნას ვგეგმავთ. შემდეგ ნელ-ნელა დავნერგავთ ბაკალავრიატის პროგრამასაც და პროფესიულ ტრეინინგებსაც. ეს არის ფრანგული უნივერსიტეტი და მოთხოვნა არის არამარტო ქართველებისგან, არამედ უცხოელი სტუდენტებისგანაც, რადგან საქართველოში შესაძლებელი იქნება პირდაპირ ფრანგული დიპლომის აღება, რაც ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე იგივე დიპლომის აღება თუნდაც საფრანგეთში. ჩვენთან შესაძლებელი იქნება უფრო იაფად სწავლა და ცხოვრება, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სტუდენტისთვის ყოფნა ბევრად იაფია“, - ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

მისი პროგნოზით, ტურიზმის სექტორის განვითარების პარალელურად და ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე, სასწავლებელზე მოთხოვნა მაღალი იქნება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მოთხოვნა მაღალი იქნება, რადგან ტურიზმის სექტორი ვითარდება და ამ სფეროში კარგი კადრების დეფიციტია, ჩვენ თვითონაც გვაინტერესებს ეს საკითხი როგორც სასტუმროს დეველოპერებს. რაც შეეხება ფასებს, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის განსხვავებული ღირებულება იქნება, მუშაობა მიმდინარეობსკონკრეტული საფასო პოლიტიკის დადგენაზე და ვფიქრობთ სწავლის ღირებულება დაახლოებით 6500 ევროს ფარგლებში იყოს. თუმცა, ადგილობრივ სტუდენტებს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს, რომ როდესაც დასაქმდებიან, შემდეგ თავისი ხელფასიდან გადაიხადონ სწავლის საფასური, ეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას. საგანმანათლებლო კუთხით სხვა პროექტებსაც ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, - აღნიშნავს თორნიკე ჯანაშვილი.

პროექტში მთლიანობაში 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“ და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.