საქართველოში ისრაელის წამყვანი ტურისტული კომპანიები შემოდიან. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტურიზმი ნიშნავს ქვეყანაში თანხების შემოსვლას, ახალ ინვესტიციებს და კავშირებს. 100 ათას ისრაელელ ტურისტს კი წლიურად საქართველოში 100 მილიონი დოლარი შემოაქვს. სწორედ აქედან გამომდინარე მისი თქმით, ახალი წამყვანი მოთამაშეების შემოყვანა გადაწყდა ბაზარზე.
ირკვევა, რომ კომპანიები Mona Tours და მისი შვილობილი Olympus Tours, რომელთაც რუმინეთში და ბევრ ევროპულ ქეყანაში ლიდერის პოზიცია უკავიათ, საქართველოში ოპერირებას 2018 წლიდან დაიწყებენ. ეს კომპანიები აერთიანებენ 300 დასაქმებულს, 33 ტურისტული ოფისს ისრაელში და წარმოადგენენ 3 ავიაკომპანიას.
იციკ მოშეს ინფორმაციითვე, საქართველოში კომპანიები იმუშავებენ როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ სეგმენტებზეც, თანამშრომლობისათვის კი სტრატეგიულად აირჩიეს Fresh Group. ეს კომპანიები ქართველ ტურისტებს გაუწევენ მომსახურებას საკუთარი საერთაშორისო ქსელით მსოფლიოს მასშტაბით.

მისივე შეფასებით ეს არის ახალი ეტაპი ტურიზმისთვის, როდესაც მსგავსი კომპანიები წარმომადგენლობებს ხსნიან საქართველოში.
„ მოსალოდნელია მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა ავიაკომპანიების ბაზარზეც. მეტი აქცენტი გაკეთდება VIP სეგმენტზე ორივე ქვეყნიდან. დაიგეგმება საქმიანი ტურებიც, მაგალითად, სემინარები ქართული კომპანიებისათვის ისრაელში." – აცხადებს მოშე
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელის განცხადებითვე, 2002 წლიდან პალატა პერიოდულად მხარს უჭერს ისრაელიდან ტურიზმის ახალი ტალღების გაჩენას.
იციკ მოშე დასძენს, რომ წელს კულტურის სამინისტროსთან ერთად ახალი მარშუტის წარდგენა იგეგმება, რომელიც დღემდე არ ყოფილა და რომლის პრეზენტაციას ისრაელში ივნისის ბოლოს მოეწყობა.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
commersant.ge