“საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვამ რუსეთის ავიაციას 3 მლრდ რუბლის ზარალი მიაყენა”
რუსული ავიაკომპანიები საქართველოსთან ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის ზარალს მიიღებენ, რაც 47 266 000 დოლარს შეადგენს – როგორც Forbes.ru წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი შეფასება რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა.
ევგენი დიტრიხის განცხადებით, ამ თანხაში შედის როგორც პირდაპირი ზარალი, ასევე დაკარგული მოგების მაჩვენებელიც.
“ამ ეტაპზე დეტალური დაანგარიშება ხდება, მანამდე კი, წინასწარი გათვლებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ზარალი 3 მილიარდ რუბლამდეა, აქ შედის როგორც – პირდაპირი დანაკარგი, ასევე მოგების ნაწილიც”, – აღნიშნა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა.
ევგენი დიტრიხის განმარტებით, ავიაკომპანიები მიმდინარე კვირის ბოლომდე დეტალურ ანგარიშებს წარადგენენ, რის შემდეგაც უკვე საბოლოო ზარალის მოცულობა ცნობილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები აღარ განხორციელდება. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მიიღო; საქართველოსთვის ე.წ. ტურისტული ემბარგოს დაწესების მიზეზი თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა გახდა.
bm.ge