სასიამოვნო საღამო და შთაბეჭდილებები „ბრენდ ვაინიდან“ – თბილისში ღვინის ახალი მაღაზია გაიხსნა
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე დაახლოებით სამი თვის წინ ღვინის ახალი მაღაზია „ბრენდ ვაინი“ გაიხსნა. დიდი ხანია ამ მაღაზიის შესახებ ხმები დადის ქალაქში, მეც ამდენივე ხანი ვგეგმავდი თავად მენახა ეს ადგილი. მანქანით წასვლა გადავიფიქრე, ღვინის მარანში რომ მანქანით მიდიხარ, ეს უკვე დანაშაულის ტოლფასია. ტაქსი გავაჩერე… მრგვალ ბაღს, რომ გავცდით, უკვე დავიწყე აქეთ-იქეთ ყურება, რომ დანიშნულების ადგილს არ გავცდენოდი.
აი, ისიც! გავიფიქრე. მცხეთის ქუჩის 48 ნომერსა და 50 ნომერს შორის დიდი და ლამაზი აბრა გამოჩნდა, მობინდებულ ქუჩაში ვაზის წითელი მტევანი ანათებდა, ისარი კი შიგნით შესვლისკენ მანიშნებდა. გადმოვედი ტაქსიდან და ნელ-ნელა დაკვირვებით დავიწყე წინ სიარული. პირველი შთაბეჭდილება რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა დამეთანხმება, როგორც ჩანს ამაზე მაღაზიის პატრონსაც უფიქრია და გარეთ ხის კასრებისგან დამზადებული (კასრის ფორმის) სკამები და მაგიდები დაუდგამს. გარეთ ხალხი დგას… მაღაზიის მინის ფასადიდან შორიდანვე მოსჩანს შიგნით ხალხმრავლობაა… „მგონი კარგ დროს მოვედი“- გავიფირე და მაღაზიის ზღურბლს გადავაბიჯე.
როგორც პირველი შეხედვით მივხვდი, ღვინის დეგუსტაცია მიმდინარეობდა… არც შევმცდარვარ… მასპინძელმა შემამჩნია თუ არა ღვინის ბოკალი მომაწოდა, შემდეგ ბოთლი ღვინო აიღო და ჩამომისხა. ღვინოს სასიამოვნო არომატი და სუნი ჰქონდა, მოვსვი და მაშინვე მაღაზიას მოვავლე თვალი.
ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული. ეტყობოდა ბევრი ჰქონდა მის შემქმელს ყველა დეტალზე ნაფიქრი. კედლები ხელით იყო მოხატული. მაღაზიის გულში ხის ხელნაკეთი მაგიდა იდგა, პატარ-პატარა ჩუქურთმებით, რომელზეც რამდენიმე სახის ღვინის გახნილი ბოთლი იდგა, იქვე იყო ხემსის დაფაც ხილით, ჩირით და ჩურჩელით სავსე.
გამიმართლა, ჩემი სტუმრობის დღეს ცნობილი მეღვინის კახა ჭოტიაშვილის ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია მიმდინარეობდა. კახა სტუმრებთან მისი წარმოებული ღვინის ყველა სახეობაზე ცალ-ცალკე საუბრობდა. ხაზს უსვამდა მისი დაყენების ტექნოლოგიებს, პატარ-პატარა საიდუმლეობებსაც უმხელდა დამსწრე საზოგადოებას და კითხვებსაც პასუხობდა, გახსნილად!
როგორც შემდგომ გავარკვიე, მასპინძელი გიორგი ჩახაიძისგან, კახა ჭოტიაშვილის ღვინო მის მაღაზიაში ექსკლუზიურად იყიდება და მისი სხვაგან ნახვა თითქმის შეუძლებელია.
პრეზენტაციის შემდეგ კახას რამდენიმე კითხვაც დავუსვი. აღმოჩნდა, რომ ის 12 სახეობის ყურძნისგან აწარმოებს ღვინოს, თუმცა ამას გარდა ძველ და მივიწყებულ ვაზის ჯიშებსაც ახარებს და სამომავლოდ მათთან დაკავშირებითაც აქვს გეგმები.
კახა ჭოტიაშვილს საოჯახო ბიზნესი აქვს, ის თავის ოჯახთან ერთად ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდებით აწარმოებს, რომელიც სხვა მრავალ დეტალთან ერთად მოიცავს ღვინის დაყენებას ქვევრში. კახა პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს, ქვევრის რეცხვით დაწყებული, რაც მისი პროდუქციის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
როგორც კახამ საუბრისას აღნიშნა, მისთვის მსგავსი სახით საზოგადოებასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიგონ მისი ღვინის შესახებ ინფორმაცია და კითხვებზეც უნდა გასცეს პასუხი.
„ჩვენი ღვინო ყველგან არ იყიდება, მათ შორის არც სუპერმარკეტებში, მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში და რესტორნებშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვინ ყიდის ჩვენს ღვინოს, მას პირადად უნდა ვიცნობდეთ. მან უნდა იცოდეს ჩვენი ღვინის დამზადების ტექნოლოგია და მისი ღირსებები. ღვინოს უხდება თავისი ისტორია, უფრო საინტერესოს ხდის მას. ასეთი შეხვედრები აუდიტორიასთან შესაბამისად მნიშვნელოვანია, რადგან პირადად იღებენ ინფორმაციას ღვინის ისტორიის შესახებ“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კახა ჭოტიაშვილმა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მასპინძელმა გიორგი ჩხაიძემ მარანის ყველა კუთხე დეტალურად მომატარა, უამრავი საინტერესო ფაქტი მითხრა და აქ სტუმრობა კიდევ უფრო საინტერესო გახადა.
აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში 350 ქართული ღვინის სახეობაა წარმოდგენილი, საქართველოს ყველა კუთხიდან.
გიორგიმ საუბრისას აღნიშნა, რომ ტურისტების დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ დიდია, ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს, ეცნობიან ქართულ ღვინოს და სამახსოვროდაც მიაქვთ.
საქართველოში მეღვინეობას 8 000 წლიანი ისტორია აქვს. ამ ისტორიას გაფრთხილება, დაცვა და მოვლა სჭირდება. ასეთი მაღაზიები, რომლებიც სტუმრებს არა მხოლოდ ღვინოს, არამედ საინფორმაციო მომსახურებას სთავაზობს, მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ჩვენი კულტურის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.
გიორგი ჩხაიძე ერთ-ერთია მათ შორის რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი კულტურის ამ მნიშვნელოვან ნაწილს ხაზი გაუსვას და რაც შეიძლება მეტ ადამიანს აჩვენოს. სწორედ ამ მცდელობის(რომელიც კარგად გამოუვიდა!) მაგალითია ეს მაღაზიაც, რომლის ყველა დეტალში იგრძნობა ზრუნვა და პატივისცემა მეღვინეობის მიმართ.
სასიამოვნო საღამოს დასასრულს გიორგიმ საკუთარი წარმოების ღვინო და საინფორმაციო წიგნი, თავისი დისკით, გადმომცა და პირობა დამადებინა, რომ სხვა დროსაც აუცილებლად ვესტუმრებოდი. თუმცა ამ პირობის დადების გარეშეც, მეგობრებთან ერთად აუცილებლად ვესტუმრები ამ სასიამოვნო გარემოს, რადგან დანაშაულადაც კი მიმაჩნია ამ ადგილის შესახებ სხვებსაც არ გავუზიარო… თქვენც იგივეს გირჩევთ…