ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Green Flower-ი - საყვარელი ადგილი გიდებისა და ტურისტებისთვის
06 იანვარი, 2018

სასტუმრო Green Flower-ი Booking.com-ზე ქუთაისის საუკეთესო სასტუმროებს შორისაა. ის საყვარელი ადგილია როგორც გიდებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი შოთა ქაჯაია ამბობს, Green Flower-ი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო სულაც არ არის, თუმცა Booking.com-ის რეიტინგში 9.3 ქულით მასპინძლობის მაჩვენებლით მოხვდა.

„Booking.com-ზე არსებული ეს შეფასება ჩვენთვის უდიდესი მიღწევაა, ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სტუმრების სურვილები და ინტერესები. გვაქვს უპირატესობა სასტუმრო ისტორიულ უბანშია, ქალაქის ცენტრიდან 800 მეტრში. ამ უბანს მწვანეყვავილა ჰქვია და აქედან მოდის სასტუმროს სახელწოდებაც. ეკოლოიურად სუფთა გარემოს გარდა მშვენიერი ხედით ტკბობა შეუძლიათ ჩვენს სტუმრებს. სასტუმროს გვერდით არის პანთეონი, გადაჰყურებს ბაგრატსა და რიონის ხეობას. ბაგრატის ტაძარი სწორედ აქედან (100 მეტრის მოშორებით) დაბომბა ტოტლებენმა“, - ამბობს შოთა ქაჯაია.

Green Flower-ის მეპატრონე სტუმრებს, რომელთაც ფეხით სიარული არ უყვართ, თავადვე ემსახურება და უფასოდ ამოჰყავს სასტუმრომდე, ოთახში კი საკუთარ დაწურულ ღვინოს ახვედრებს საჩუქრად. მსურველებს სრული პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ. ტურებს სტუმრებს შოთა ქაჯაიას მეუღლე ანა სთავაზობს. როგორც შოთა ქაჯაია ამბობს, სტუმარს „გაუჩენელს გაუჩენს“, რადგან კარგად იცის, რომ „ერთი კმაყოფილი სტუმარი პოტენციური 2 სტუმარია მომავალში“.

შოთა ქაჯაიას თქმით, გულწრფელი მასპინძლობითა და სერვისით ახერხებს სასტუმრო გიდებისა და ტურისტებისთვის საყვარელი სტატუსის შენარჩუნებას და ორივე კატეგორიის სტუმრის ინტერესის დაკმაყოფილებას. 

სასტუმრო ერთდროულად 20 სტუმარს მასპინძლობს, სტანდარტული ნომრის ფასი 70 ლარია. სასტუმროში არის მარანი, ბუხრიანი ბარი, ეზოში ჭა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის სასტუმროს.

სასტუმრო Green Flower-ი ფართოვდება

ფოტო: პაატა ვარდანაშვილი

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.