ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო “ედემი“ - წელს ურეკში სასტუმროების ნაწილი არ იხსნება
25 ივნისი, 2021

საოჯახო სასტუმრო “ედემის“ მფლობელი ამირან კიღურაძე "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ურეკში  სასტუმროების  და რესტორნების ნაწილი  მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე გახსნას არ აპირებს. მიზეზი-დაბაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ხმაური, ბუღი და მტვერია.

„ბევრი ობიექტი არ იხსნება, არც სასტუმრო, არც მცირე კაფეები. პრობლემა კომპლექსურია - პანდემია, ათხრილ-დათხრილი დაბა და ვინ ჩამოვა ასეთ პირობებში აქ?“ - აცხადებს კიღურაძე. მისივე განცხადებით, 15 ნომრიანი სასტუმრო “ედემი“ თავისი კაფით გაიხსნება, თუმცა, არცთუ კარგი მოლოდინით.

„ახლა, როდესაც საკურორტო სეზონი იწყება, ურეკში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ამიტომ ადამიანები, რომლებიც ურეკში დასასვენებლად ჩამოდიან, უკან გარბიან, რადგან  შეუძლებელია ისეთ პირობებში, სადაც ტრაქტორებია, 30 ტონიანი მანქანებია და მშენებლები მოძრაობენ, ნორმალურად დაისვენო. სამუშაოები 3 წელია მიმდინარეობს და ვერაფრით დასრულდა. ხან ერთი კომპანიაა მშენებელი და ხან - მეორე,“ - აცხადებს კიღურაძე.

მისი განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მაგალითად, გაკეთდა, თუმცა არ მუშაობს გარე განათება, არ არის სანაგვე ურნების ადგილები და ისინი შუა ქუჩაში დგას.

კითხვაზე, რას ვახვედრებთ ურეკში ჩასულ დამსვენებელს, კიღურაძე აცხადებს, რომ არაფერს. დაბაში არის  მხოლოდ 2 დიდი რესტორანი, გასართობი ობიექტები კი საერთოდ არ არის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ინტერესდება კერძო სექტორი დაბაში ინვესტირებით, კიღურაძე აცხადებს, რომ კურორტზე სეზონი წელიწადში მხოლოდ ორთვენახევარია, შესაბამისად, ინვესტორს ურეკში ფულის ჩადება არ უღირს, რადგან მოგებას საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ნახავს.

„ეს არ არის აბასთუმანი, ბაკურიანი ან რომელიმე 4 სეზონიანი კურორტი,“ - აცხადებს კიღურაძე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.