ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო “გრაცია“ - ურეკში პრობლემას გასართობი ობიექტების სიმცირე ქმნის
28 ივნისი, 2021

ურეკში მდებარე სასტუმრო  “გრაციას“ მფლობელი  მზია ხორნაული  "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ობიექტი სეზონზე აუცილებლად და უკეთესი მოლოდინებით გაიხსნება. მისი განცხადებით, წელს სასტუმრო გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს ელოდება, რადგან საზღვრები გახსნილია.

„ამჟამად სასტუმროში ქართველები არიან, თუმცა, ინტერესია რუსეთიდან, გერმანიიდან. შიდა ტურიზმით ფონს ვერ გავალთ, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივები უფრო ბიუჯეტურ დასასვენებელ ადგილს ეძებენ. დამსვენებლების ცოტა პროცენტია ევროპიდან,“-აცხადებს ხორნაული.

მისივე ინფორმაციით, წელს სასტუმრო შემცირებული ფასებით მიიღებს დამსვენებელს და შემოსავალი ალბათ პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ მიუხლოვდება.

როგორც ხორნაული აცხადებს, ბულვარში წელსაც ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„კატასტროფული სიტუაცია არ არის.სამუშოები სავარაუდოდ, აქტიური სეზონისთვის დასრულდება. მტვერი გასულ წლის სეზონზეც არ ყოფილა. მართალია სამუშოები სეზონის წინ იწყება, თუმცა სეზონზე ჩერდებიან და დისკომფორტს არ იწვევენ,“ - აცხადებს ხორნაული.

მისივე განცხადებით, კურორტზე ნაკლებადაა განვითარებული კვების და გასართობი ობიექტები, რაც პრობლემას ქმნის.

„უნიკალური ადგილი გვაქვს, ფაქტობრივად, კურორტია სამკურნალო თვისებებით, ამ დროს გზები არ არის ნორმალური, თავისთავად არ არის გასართობი ადგილები, დამსვენებლები რომ ჩამოდიან, გარბიან ქობულეთში ან ბათუმში და საღამოს ბრუნდებიან,“ - აცხადებს ხორნაული.

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია  2019 წელს დაიწყო.პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ურეკის ბულვარის სრული რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს გარე განათებას, ველო-ბილიკების მოწყობას, საპირფარეშოების მშენებლობას, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის. ასევე დაგეგმილია ბულვარის პარალელური ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების დამონტაჟება. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.